თბილისი სკანდინავიური ტურისტული ასოციაციების წევრი გახდა

Nordic Tourism Collective და ETOA-ს წევრები არიან მსხვილი ტურისტული ორგანიზაციები ევროპის ქვეყნებიდან, რაც შეუწყობს ხელს თბილისის  პოპულარიზაციას ევროპის სამიზნე ბაზრებზე.
Sputnik

თბილისი, 17 ივნისი - Sputnik. თბილისი სკანდინავიის ქვეყნების ტურისტული გაერთიანების - Nordic Tourism Collective წევრი გახდა, იუწყება დედაქალაქის მერია.

სკანდინავიის ქვეყნების ტურისტული გაერთიანების ძირითად საქმიანობას წევრებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, საპრომოციო ღონისძიებები, ტურისტული პროდუქტებისა და რესურსების ცნობადობის გაზრდა, ახალი პროდუქტების შექმნა და წახალისება წარმოადგენს.

აჭარაში ტურისტული სეზონი ოფიციალურად იხსნება

მერიის ცნობით, მიმდინარე წლის სექტემბერში გაიმართება ონლაინ B2B ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც მოხდება ადგილობრივი და სკანდინავიის ქვეყნების ტურისტული კომპანიების გაცნობა და მათ შორის საქმიანი ურთიერთობების დამყარება. გარდა ამისა, 2022 წლიდან თბილისში სკანდინავიური კერძო კომპანიების ინფო ტურების და B2B ღონისძიებების ორგანიზება იგეგმება.

დღეს Nordic Tourism Collective-ის ორგანიზაციის წევრებს დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ თბილისის ტურისტული პოტენციალი და პროდუქტები წარუდგინა.

მისი განცხადებით, ტურიზმი დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სწრაფად მზარდი ეკონომიკური სექტორია. თბილისის მერია აქტიურად მუშაობს ამ  მიმართულების განვითარებისათვის და ჩართულია ტურიზმის სექტორის აღდგენის პროცესში სხვადასხვა ტიპის კამპანიების სახით, როგორებიცაა: სემინარები და სამუშაო შეხვედრები ტურიზმის და მასთან პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებულ სექტორებში დასაქმებული პირებისათვის; ქუჩის კვების ფესტივალი „დააგემოვნე თბილისის ქუჩებში“, მედიატურები საერთაშორისო სამოგზაურო ჟურნალისტების, ბლოგერებისა და ინფლუენსერებისათვის და ა.შ.

კოშკები, მთები, მყინვარები, ადამიანები: საქართველოს საოცრებები პოპულარულ გადაცემაში მოხვდა

„გარდა ამისა, დაფინანსდა 400-მდე კვების ობიექტი, რათა მათ აქტიურად და შეუფერხებლად  განაგრძონ ოპერირება პანდემიის შემდგომ პერიოდში. ვაქცინირებულ მოგზაურთათვის თბილისი ევროპის 15 საუკეთესო მიმართულებას შორის პირველ ადგილზეა და მზად არის მიიღოს ვიზიტორები და უზრუნველყოს მათთვის უსაფრთხო  გარემო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეგულაციებისა და პროტოკოლის დაცვით“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

როგორც მერიაში აღნიშნავენ, Nordic Tourism Collective-ის წევრობით თბილისი ავტომატურად ხდება ერთ-ერთი ყველაზე დიდი ევროპული ტურისტული ასოციაციის - ETOA-ს წევრი (European Tourism Association), რომელიც საერთაშორისო ბრენდებს, მიმართულების მართვის ორგანიზაციებს, მსხვილ ტუროპერატორებს აერთიანებს და ზრუნავს მდგრადი ტურიზმის განვითარებაზე ევროპის მასშტაბით.

Nordic Tourism Collective და ETOA-ს წევრები არიან მსხვილი ტურისტული ორგანიზაციები ევროპის ქვეყნებიდან, რაც განსაკუთრებულად შეუწყობს ხელს თბილისის  პოპულარიზაციას ევროპის სამიზნე ბაზრებზე, აცხადებენ მერიაში.