თბილისის მერია პარასპორტსმენებს ფინანსურად დაეხმარება

თბილისის მერია შშმ პირთა იმ გუნდებსა და კლუბებს დააფინანსებს, რომლებიც დედაქალაქში არიან რეგისტრირებული.
Sputnik

თბილისი, 16 ივნისი – Sputnik. თბილისის მერია ქალთა სპორტისა და პარასპორტის სხვადასხვა სახეობების განვითარების ხელშეწყობის მიზნით ახალ პროგრამას იწყებს, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე.

თბილისში პარასპორტის ფესტივალი „სპორტი ბარიერების გარეშე“ გაიმართა

კალაძის თქმით, პროგრამა ითვალისწინებს მასობრივი სპორტის პოპულარიზაციას და საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მიღწეული წარმატებისთვის ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა გუნდებისა და კლუბების წახალისებას.

მერის განმარტებით, აღნიშნული პროგრამა დააფინანსებს ქალთა და შშმ პირთა გუნდებს და კლუბებს, რომლებიც თბილისში ფუნქციონირებენ.

„აღნიშნული დაფინანსება გაიცემა სპორტული ინვენტარის და ეკიპირების შესაძენად ან სავარჯიშო სივრცის იჯარის საფასურის დასაფარად. გარდა ამისა, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში და პარასპორტის გუნდური სახეობის საქართველოს ჩემპიონატში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდებიან ქალთა და შშმ პირთა გუნდები და კლუბები, რომელთა ადგილსამყოფელი და ფუნქციონირების ადგილი ჩემპიონატის მიმდინარეობამდე და მიმდინარეობის დროს არის თბილისი", – განაცხადა კალაძემ.

ამ გუნდებიდან პირველ ადგილზე გასული მიიღებს 10 ათას ლარს, მეორე ადგილის მფლობელი – 8 ათას ლარს, ხოლო მესამე ადგილზე გასული – 5 ათას ლარს.