დახმარება ბიზნესს – საქართველოში პროექტი Shark იწყება

მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ცნობილი გადაცემის ქართული ანალოგი განკუთვნილია მათთვის, ვისაც ინოვაციური ბიზნეს-იდეების რეალობად ქცევა სურს.
Sputnik

თბილისი, 16 ივნისი – Sputnik. საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“ იწყებს ახალ პროექტს Shark Georgia, რომელიც ბიზნესის წარმომადგენლებს მათი იდეების განხორციელებაში დაეხმარება.

პროექტი მიზნად ისახავს ქართულ ბიზნესში ინვესტიციების განხორციელების ხელშეწყობას, რაც მცირე და საშუალო ბიზნესისთვის პოსტპანდემიურ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, აღნიშნავენ ავტორები. 

ქუთაისში აბიტურიენტებისა და მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიების ფესტივალი გაიმართება

მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ცნობილი გადაცემის ქართული ანალოგი განკუთვნილია მათთვის, ვისაც ინოვაციური ბიზნეს-იდეების რეალობად ქცევა და დაფინანსების მიღება, ან უკვე არსებული ბიზნესის განვითარება სურს. პროექტის მონაწილეების შესაძლებლობებს ხუთი ბიზნესმენი შეაფასებს და გადაწყვეტს – დააბანდონ თუ არა მათ იდეებში ინვესტიციები.

„საზოგადოებრივი მაუწყებელი თავისი საქმიანობით ორიენტირებულია განავითაროს ინდუსტრია, რისთვისაც დიდ ინვესტიციას ახორციელებს სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს ქართული დოკუმენტალისტიკის სფეროში პროექტების დაფინანსება თუ კულტურული და სპორტული ღონისძიებების მხარდაჭერა. ახალი სეზონიდან კი პირველ არხზე „Shark საქართველო“ იწყება, რაც უფრო მეტია, ვიდრე სატელევიზიო ფორმატი და ერთგვარ პლატფორმას წარმოადგენს ახალი ბიზნეს-იდეების დაფინანსებისთვის“, – განაცხადა „პირველი არხის“ გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა.

პროექტის მწარმოებელი კომპანიის „სტენლი შოუს“ წარმომადგენლის ირაკლი ჩხიკვაძის თქმით, პოსტპანდემიურ პერიოდში ბევრი საინტერესო იდეა დაგროვდა, რომელიც სწორ ინვესტირებას საჭიროებს. „დარწმუნებული ვართ, რომ მათი დიდი ნაწილი გამოგვეხმაურება, რადგან „SHARK საქართველო“ ბიზნესის განვითარებისთვის საუკეთესო საშუალებაა“, – განაცხადა ჩხიკვაძემ.

პროექტში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ვისაც აქვს იდეა და იცის, როგორ განახორციელოს იგი. აპლიკაციის გაგზავნა შესაძლებელია ბმულზე.