ვის შეხვდება საქართველოს ექს-პრემიერი ბრიუსელში – გახარიას პირველი არაოფიციალური ვიზიტი

ვიზიტის ფარგლებში გახარიას მაღალი დონის შეხვედრები აქვს დაგეგმილი ევროპარლამენტში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ოფისში და ნატოს შტაბ-ბინაში.
Sputnik

თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც დასავლელ პარტნიორებთან სამუშაო შეხვედრებს გამართავს, იუწყება პარტიის „საქართველოსთვის" პრეს-სამსახური.

კომპლექსს ვერ გამიჩენენ - გახარიამ თავისი მოტივაცია ახსნა

გახარია ბელგიაში პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრ კახაბერ ქემოკლიძესთან ერთად გაემგზავრა. პოლიტიკოსებს დაგეგმილი აქვთ შეხვედრები ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ოფისში, ევროპარლამენტის დეპუტატებთან, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სამსახურისა და ნატოს წარმომადგენლებთან.

გარდა ამისა, დაგეგმილია შეხვედრები სხვადასხვა ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებთან.

დღეს ბრიუსელში სტარტს იღებს ევროკავშირის 27 ქვეყნის ლიდერების სამიტი.

გახარიამ პრემიერის პოსტი და მმართველი პარტია მიმდინარე წლის თებერვალში დატოვა. მიზეზი პარტიის ხელმძღვანელობასთან, მათ შორის, მის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან უთანხმოება გახდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ნიკა მელიას დაპატიმრების გამო. წასვლის შემდეგ მან თავისი პარტია შექმნა, „ქართული ოცნება" გააკრიტიკა და ბრალად დასდო, რომ ის საკუთარ პარტიულ ინტერესებზე უფრო ზრუნავს, ვიდრე სახელმწიფოზე. ამის პასუხად მმართველმა პარტიამ და ბიძინა ივანიშვილმა გახარიას "სახელმწიფოს ღალატში" დასდეს ბრალი.

გადადგომის მომენტში გახარია პოპულარული პოლიტიკოსი იყო. მისმა პოსტებმა და ფოტოებმა სოციალურ ქსელებში ათასობით მოწონება დაიმსახურა, რაც ქართული პოლიტიკისთვის რეკორდია.

აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვის თანახმად (2021 წლის თებერვალში, გადადგომამდე), საქართველოში პოპულარულ პერსონებს შორის, პატრიარქ ილია მეორის შემდეგ, გახარიას მეორე ადგილი ეკავა.

ჯერ კიდევ პარტიის შექმნამდე მან თავის მხარეს გადაიბირა პარლამენტის ექვსი დეპუტატი, ასევე სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურაში დასაქმებული რეგიონული ჩინოვნიკების ნაწილი.