ქლიავი, მისი თვისებები და რჩევები: როდის შეიძლება მისი მიღება და როდის – არა

ქლიავი უაღრესად სასარგებლო ხილია, მდიდარია ვიტამინებით, სხვადასხვა ნივთიერებით, ორგანული მჟავებით, მაგრამ მისი მიღება ყველასთვის და ყოველთვის არ არის რეკომენდებული.
Sputnik

ქლიავი (Prunus domestica) ვარდისებრთა ოჯახის კურკოვანთა გვარის მცენარეა – საშუალო სიმაღლის ხე. აქვს კურკიანი მომჟავო–მოტკბო ნაყოფი. მის სამშობლოდ ცენტრალური აზია მიიჩნევა.

ცნობილია ქლიავის დაახლოებით 2000 სახეობა, რომლებიც განსხვავდებიან ერთმანეთისგან ფორმით, ფერითა და გემოთი.

ალუბალი: გემრიელი და უაღრესად სასარგებლო ხილი>>

ქლიავის შემცველობა და კალორიულობა

ქლიავი შეიცავს 9-დან 17%-მდე შაქრებს (ფრუქტოზა, გლუკოზა და საქაროზა), წყალს, ცილებს, ნახშირწყლებს, საკვებ ბოჭკოებს, ვიტამინებს A, B1, B2, B9, C, P, PP, E. ის მდიდარია კალიუმითა და ფოსფორით, ასევე კალციუმით, მაგნიუმით, რკინით, ასევე შეიცავს ბორს, მანგანუმს, სპილენძს, თუთიას, ნიკელს, ქრომს. ქლიავის შემცველობაშია პექტინის, მთრიმლავი, აზოტის ნივთიერებები, ორგანული მჟავები.

ჟოლო და მისი სასარგებლო თვისებები

ქლიავის ნაყოფში და ასევე მის ფოთლებში აღმოჩენილია კუმარინები, რომლებიც სისხლძარღვებში თრომბის წარმოქმნას აბრკოლებს, კურნავს თრომბოზს და ასევე აფართოებს კორონარულ სისხლძარღვებს.

ქლიავის ფოთლები შეიცავს С-ვიტამინს, კაროტინოიდებსა და ფიტონციდებს, კუმარინულ ნივთიერება სკოპოლეტინს.

მცენარის ქერქში არსებულ ფისში აღმოჩენილია რამნოზა, ქსილოზა, არაბინოზა, გალაქტოზა.

ქლიავს იყენებენ მედიცინაში, კულინარიაში, კოსმეტოლოგიაში.

100 გრამი ქლიავის კალორიულობაა 46 კკალორია.

ქლიავის სასარგებლო თვისებები

ქლიავი აღძრავს მადას, აძლიერებს ნაწლავების პერისტალტიკას (ღრუ მილოვანი ორგანოების კედლების ტალღისებური თანმიმდევრული შეკუმშვა), აქვს მსუბუქი გამხსნელი და შარდმდენი ეფექტი. ამასთან ქლიავის კომპოტი ან კისელი სასარგებლოა ათეროსკლეროზის, თირკმლების დაავადებების დროს. ის აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორულ-სეკრეტორულ ფუნქციას, ამცირებს ქოლესტერინის შეწოვას ნაწლავებიდან. ქლიავი რეკომენდებულია სისხლნაკლებობისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანებისთვის.

მზესუმზირა და მისი სასარგებლო თვისებები

ახალ ქლიავსა და მის ჩირს (განსაკუთრებით შავი ქლიავის ჩირს), ასევე კომპოტსა და წვენს მსუბუქი გამხსნელი ეფექტი გააჩნია, ის რეკომენდებულია შეკრულობისა და ნაწლავის ატონიის (მოდუნება) დროს. ქლიავსა და ქლიავის ჩირს ორგანიზმიდან გამოაქვს ქოლესტერინი. ის კარგი საშუალებაა თირკმლების დაავადებისა და ჰიპერტონიის დროს. კალიუმის ნაერთებს ნაყოფში შარდმდენი ეფექტი აქვს, რაც ხელს უწყობს ორგანიზმიდან ზედმეტი სითხისა და მარილების გამოდევნას.

სასარგებლოა, როგორც აღვნიშნეთ, ქლიავის ჩირიც. ის მეტად კალორიულია, ამიტომ არ არის რეკომენდებული დიაბეტიანი და მსუქანი ადამიანებისთვის. მისი მიღებისგან თავი უნდა შეიკავონ ასევე მეძუძურმა დედებმა, რადგან ჩვილს, შესაძლოა, კუჭის აშლილობა და ჭვალი დაემართოს.

ქლიავს ორგანიზმი ადვილად ამუშავებს. ამ მცენარის ნაყოფი სისხლის წარმოქმნას უწყობს ხელს, წმენდს კუჭს. ქლიავი ეფექტურად მოქმედებს ზედმეტი ნაღვლისგან წარმოქმნილი დაავადებებისა და მაღალი შინაგანი ტემპერატურის დროს. ეს ხილი აძლიერებს ღვიძლს, წმენდს სისხლს და ორგანიზმიდან გამოაქვს ტოქსინები.

ჯოჯოხეთივით შავი, სიკვდილივით ძლიერი და სიყვარულივით ტკბილი

ქლიავის ფოთლებს იყენებენ პირის ღრუს სავლებად სტომატიტის დროს (20 გრამ მშრალ ფოთოლს დაასხით 1 ჭიქა ცხელი წყალი, ადუღეთ 15 წუთი, გადაწურეთ და ნაკლული ჭიქა შეავსეთ წყლით). იმავე ნაყენს თუ თმაზე გადაივლებთ, ის თმის ცვენის შეჩერებაში დაგეხმარებათ.

დაქუცმაცებულ ფოთლებს იდებენ ჩირქოვან ჭრილობებზე და წყლულებზე – ის ხელს უწყობს ჭრილობისა და დაზიანებული ადგილის მოშუშებას.

ქლიავს იყენებენ კანის გაახალგაზრდავებისა და მისი ელასტიკურობისთვის. მშრალი და ნორმალური კანისთვის ქლიავის რბილობს ურევენ ნაღებს ან არაჟანს, ხოლო ცხიმიანი კანის დროს – კვერცხს.

ქლიავი ასევე ეფექტურად მოქმედებს თმაზე. ამისთვის აიღეთ 6 ცალი მწიფე ქლიავი, ზეითუნის ან რომელიმე მცენარეული ზეთი – 1 ჩაის კოვზი, არაჟანი – 1 ჩაის კოვზი, სახამებელი – 1 ჩაის კოვზი. ეს ყველაფერი გათქვიფეთ ბლენდერში და შეიზილეთ თმაში.

გარგარი – ერთ–ერთი ყველაზე სასარგებლო ხილი

ქლიავი არ არის რეკომენდებული:

პოდაგრისა და რევმატიზმის დროს არ არის სასურველი ქლიავის წვენის მიღება, რადგან ის ხელს უწყობს ორგანიზმიდან სითხის გამოყოფას, რაც დაავადებულების ჯანმრთელობაზე უარყოფითად შეიძლება აისახოს.

ქლიავისა და მისი წვენის მიღება ასევე უნდა შეიზღუდოს შაქრიანი დიაბეტის დროს.

ბავშვებში ასევე უნდა გაკონტროლდეს ქლიავის მიღება, რადგან მან შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი კუჭში, კუჭ–ნაწლავის ტრაქტის აშლილობა და დიარეა.

ასევე არ შეიძლება ქლიავის მიღება კუჭის მომატებული მჟავიანობის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქრონიკული დაავადების გამწვავებისას.

გაითვალისწინეთ:

კუჭის მოქმედებისთვის გამხსნელი ეფექტი მწიფე ხილს აქვს, ხოლო მკვახე – პირიქით, კუჭის შეკრულობას იწვევს.