იმნაძე: საქართველოში „ინდური შტამის" 18 დადასტურებული შემთხვევაა

ეპიდემიოლოგების განცხადებით, ამჟამად საქართველოში ძირითადად კორონავირუსის „ბრიტანული შტამი" ცირკულირებს, ხოლო „ინდური შტამის" გამოვლენის გამო ქვეყანაში წესების გამკაცრება ან დამატებითი შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება.
Sputnik

თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსის ე.წ. „ინდური შტამი" იწყებს გავრცელებას, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ ბრიფინგზე.

თუ საქართველოში „ინდური შტამი“ გავრცელდა... რას ამბობენ სპეციალისტები

კორონავირუსის „ინდური შტამის" პირველი შემთხვევა საქართველოში ლაბორატორიულად 27 მაისს დადასტურდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მაშინ „ინდური შტამი" დაუდასტურდა საქართველოში ჩამოსულ ხუთ პირს, სამმა მათგანმა ქვეყანა დაუყონებლივ დატოვა.

იმნაძის ინფორმაციით, საქართველოში ამ დროისათვის ე.წ. „ინდური შტამის" 18 შემთხვევაა დადასტურებული.

„სამწუხაროდ, მთელ ევროპაში ძალიან იმატებს ინდური შტამის ფუნქციონირება. ჩვენთანაც იმატებს „დელტა" შტამის აღმოჩენის რაოდენობა. ეს ძირითადად ჩვენი მოქალაქეები არიან, რომლებიც ბრუნდებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან", – განაცხადა იმნაძემ.

ეპიდემიოლოგები დღეისათვის კორონავირუსის რამდენიმე შტამს არჩევენ. ესენია: „ჩინურ-ევროპული შტამი“, რომელიც პირველად გავრცელდა, შემდეგ მოდის ე.წ. „ბრიტანული შტამი“, „ბრაზილიური“, „სამხრეთაფრიკული“ და „ინდური“ შტამები.

სპეციალისტები „ინდურ შტამს“ უფრო სახიფათოდ მიიჩნევენ, ვიდრე დანარჩენ შტამებს, ვინაიდან ის მეტად აგრესიულია  – ძლიერად ეჭიდება უჯრედებს და ვირუსის მცირედი რაოდენობაც საკმარისია დასაავადებლად.

„ინდური შტამის“ გავრცელების ტემპი მისი მუტაციის შემდეგ გაიზარდა, რადგან ის იოლად უმკლავდება ანტისხეულებს, რომლებიც წარმოიქმნება აცრის შემდეგ, ან ბუნებრივი გზით იმ ადამიანების ორგანიზმში, რომლებმაც უკვე გადაიტანეს COVID-19.

ამ დროისათვის „ინდური შტამი“ მსოფლიოს 52 ქვეყანაშია გამოვლენილი, აქედან 25 ევროპის ქვეყანაა.