ჩინეთში პატიმრებს, შესაძლოა, იძულებით უღებდნენ ორგანოებს: გაეროს 12 ექსპერტის დასკვნა

ჩინეთმა ექსპერტების დასკვნა დეზინფორმაციად შეაფასა და განაცხადა, რომ მათ რუდიმენტულ დონეზეც კი არ შეუძლიათ აზროვნება.
Sputnik

თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. ჩინეთის საპატიმროებში შესაძლოა ორგანოების იძულებით გადანერგვის პრაქტიკა არსებობდეს, იუწყება Deutsche Welle გაეროს ექსპერტებზე დაყრდნობით.

​როგორც გაეროს ექსპერტები აცხადებენ, მათ სანდო ინფორმაცია მიიღეს იმის თაობაზე, რომ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს ჩინეთის ციხეებში იძულებით უღებენ ორგანოებს ტრანსპლანტაციის მიზნით.

„ამასთან, ხშირად მათ არც კი აცნობებენ დაკავების მიზეზს, ან ორდერი საერთოდ არ აქვთ“, — ნათქვამია 12 ექსპერტის დასკვნაში.

მათი მონაცემებით, განსაკუთრებით ხშირია ისეთი ორგანოების იძულებით ამოღება, როგორებიცაა გული, თირკმელები, ღვიძლი და თვალის რქოვანა. კერძოდ, ასეთი ზომები გამოიყენება ქვეყანაში აკრძალული მოძრაობა ფალუნგუნის წევრების, უიღურების, ტიბეტელების, მუსლიმებისა და ქრისტიანების მიმართ.

ჩინეთმა, თავის მხრივ, დეზინფორმაცია უწოდა ამ დასკვნას. ჟენევაში ჩინეთის წარმომადგენლობის წევრმა გაეროს ექსპერტები ცილისწამებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მათ „აზროვნების რუდიმენტული უნარებიც“ კი არ გააჩნიათ, და რომ ისინი სეპარატისტებისა და მოძრაობა ფალუნგუნის ანტიჩინური დეზინფორმაციის მსხვერპლი არიან.