თუ აბიტურიენტს COVID-19 დაუდასტურდება: რა რეგულაციები იმოქმედებს ეროვნულ გამოცდებზე

ეროვნული გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 38.300-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა.
Sputnik

თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. საგამოცდო პროცესს არ გამოეთიშებიან ის აბიტურიენტები, რომლებსაც გამოცდების მიმდინარეობისას ვირუსი დაუდასტურდებათ, განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა ბრიფინგზე.

მიცკევიჩის განმარტებით, 2021 წლის საგამოცდო პროცესი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარდება. გამოცდების ჩასატარებლად შემუშავებულია ახალი მიდგომებიც. მთავარი სიახლე კი ის იქნება, რომ ვირუსის დადასტურების შემთხვევაში აპლიკანტები საგამოცდო პროცესს არ გამოეთიშებიან.

„პირებს, რომლებსაც საგამოცდო პერიოდში გამოუვლინდებათ კორონავირუსი, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საგანგებოდ შედგენილი ცხრილის მიხედვით გამოცდას შესაბამის საგანში ჩაუტარებს", – განაცხადა ნუნუ მიცკევიჩმა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 25 საგამოცდო ცენტრში ჩატარდება

სპეციალისტები აბიტურიენტებს მოუწოდებენ, დაიცვან დადგენილი წესები. ესაა სოციალური დისტანცია, პირბადის ტარება როგორც გამოცდებზე რეგისტრაციის, ისე გამოცდების მიმდინარეობისას; სადეზინფექციო ხსნარით ხელების ხშირი დამუშავება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გამოცდებზე პერსონალის მუშაობის პირობები შეიმუშავა. კერძოდ, რეგულაციების მიხედვით, აბიტურიენტები და მეთვალყურეები დაიშვებიან მხოლოდ საგამოცდო სექტორის ფართობის 50%-ზე. თითოეული სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით, მაგიდებს შორის დაშორება იქნება სულ მცირე ორი მეტრი, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი – ერთი მეტრი. კონდიციონერები ჩაირთვება 30° გრადუსზე მაღალი ტემპერატურის პირობებში.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ ასევე შემუშავდა საგამოცდო ცენტრებიდან მიღებული ნამუშევრების უსაფრთხოდ დამუშავების, საგამოცდო ცენტრების დალაგების, სანიტარიული კვანძების/საპირფარეშოების დალაგება/დეზინფექციის, ცენტრის პერსონალის მუშაობის პირობები.

გარდა ამისა, საგამოცდო ცენტრი წელსაც მოაწყობს საკარანტინო სივრცეებს იმ გამოსაცდელებისთვის, რომელთაც აღენიშნებათ ტემპერატურა 37°С და მეტი, მაგრამ არ აქვთ დადასტურებული კორონავირუსი.

ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოში 1 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. 14 ივლისიდან საგამოცდო პროცესში ჩაერთვებიან მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველი პირები.

წელს ეროვნული გამოცდები 25 საგამოცდო ცენტრში ჩატარდება. 25 საგამოცდო ცენტრიდან 11 თბილისში იქნება, 3-3 ბათუმსა და ქუთაისში, თითო ცენტრი გაიხსნება ზუგდიდში, რუსთავში, გორში, ახალციხეში, თელავში, ოზურგეთში, ფოთსა და ხულოში.