საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფასა და მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობასთან ერთად, სებ-ის ერთი-ერთი ძირითადი ამოცანა მაკროეკონომიკური პოლიტიკის გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა.
Sputnik

თბილისი, 14 ივნისი – Sputnik. საქართველოს ეროვნულ ბანკს ორი ჯილდო გადაეცა - წლის საუკეთესო რისკ-მენეჯერისა და ყველაზე გამჭვირვალე ცენტრალური ბანკის ნომინაციებში, ნათქვამია რეგულატორის განცხადებაში.

ავტორიტეტულმა საერთაშორისო გამოცემა Central Banking-მა საქართველოს ეროვნული ბანკი საუკეთესოდ 2020 წელს აღიარა. დაჯილდოების ონლაინ ცერემონია „საზაფხულო შეხვედრების ფარგლებში“ გაიმართა.

ეროვნული ბანკი ქართულ კომპანიებში საოპერაციო რისკების შემცირებას გეგმავს

„გამჭვირვალობის“ ნომინაცია სამ მნიშვნელოვან კომპონენტს მოიცავდა - განათლება, გამჭვირვალობა დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობისას და კომუნიკაცია მრავალფეროვანი საკომუნიკაციო პლატფორმების მეშვეობით.

გამჭვირვალობა ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომელიც პანდემიის პერიოდშიც შენარჩუნდა.

რეგულატორის ინფორმაციით, ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფასა და ქვეყანაში მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობასთან ერთად, საქართველოს ეროვნული ბანკის ერთი-ერთი უმთავრესი ამოცანა მაკროეკონომიკური პოლიტიკისა და საფინანსო სისტემის რეგულირების გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა.

ბოლო წლების განმავლობაში ეროვნული ბანკი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს გამჭვირვალობის ზრდასა და საზოგადოებასთან კომუნიკაციის სხვადასხვა არხის განვითარებას. მონეტარული და ფინანსური პოლიტიკის გადაწყვეტილებების ბაზრისთვის და ფართო საზოგადოებისთვის  ახსნას, ღიად და უწყვეტ კომუნიკაციას ეროვნული ბანკი უპირველეს ამოცანად მიიჩნევს.

საქართველოს ეროვნული ბანკი „ციფრული ფულის“ გამოშვებაზე ფიქრობს

მეორე ჯილდო - რისკ-მენეჯერის - ყოველწლიურად სავალუტო რეზერვების რისკების მართვის მიმართულებით, მსოფლიოში წამყვან ცენტრალურ ბანკებს გადაეცემა.

„რეზერვების მართვის მაღალკვალიფიციურმა და მოტივირებულმა გუნდმა, ბანკის მენეჯმენტის მხარდაჭერით, სებ-ის სავალუტო რეზერვების მართვის პროცესის მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად გარდაქმნა შეძლო, რითაც უზრუნველყო პატარა ზომის, განვითარებადი ქვეყნის ცენტრალური ბანკის მიერ სათანადო ადგილის დამკვიდრება რეზერვების მართვის სფეროში წამყვან მსოფლიო ცენტრალურ ბანკებს შორის“, - ნათქვამია განცხადებაში.

ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ რეზერვების დაგროვება და ადეკვატური მოცულობით შენარჩუნება ცენტრალური ბანკების ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია, ვინაიდან სტრესული სიტუაციებით გამოწვეული კრიზისებისაგან ქვეყნის და მისი ფინანსური სისტემის დასაცავად დროდადრო მათი გამოყენების აუცილებელი საჭიროება დგება.

2020 წლის მარტიდან, ანუ კორონავირუსის პანდემიის დასაწყისიდან საერთაშორისო რეზერვები 753,9 მლნ დოლარით (22,2%-ით) გაიზარდა. მიმდინარე წლის დასაწყისიდან რეზერვების ზრდამ 242,9 მლნ დოლარი შეადგინა.

ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები იზრდება

ბაზრის სტაბილურობის მიზნით რეგულატორი ინტერვენციების განხორციელებას გეგმავს.

სავალუტო ბაზრის დასტაბილურების მიზნით 2020 წელს ეროვნულმა ბანკმა 26 აუქციონი გამართა, რა დროსაც მთლიანობაში 873,2 მილიონი დოლარი გაყიდა. წელს ეროვნულმა ბანკმა ხუთ აუქციონზე უკვე 242,9 მილიონი დოლარი გაყიდა. ლარის გაცვლითი კურსის ანტირეკორდი 2020 წლის 27 მარტს დაფიქსირდა, როდესაც ეროვნული ვალუტა აშშ დოლარის მიმართ 3,4842 GEL/$1 ნიშნულამდე დაეცა.

Central Banking წარმოადგენს ფინანსურ მედია–პორტალსა და გამომცემლობას. იგი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. Central Banking-ს ფართო აუდიტორია ჰყავს, რომელიც ძირითადად, მსოფლიოს ცენტრალურ ბანკებს და ფინანსურ მარეგულირებლებს, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს და ფინანსური სექტორის სხვა წარმომადგენლებს მოიცავს.