ნინოწმინდის პანსიონს ახალი დირექტორი ჰყავს

ნინოწმინდის  პანსიონის უკვე ყოფილმა დირექტორმა მეუფე სპირიდონმა ხელმძღვანელის თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
Sputnik

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონს ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი (იაკობიშვილი) უხელმძღვანელებს, იუწყება „პირველი არხი“.

წმინდა ნინოს სახელობის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონი, რომელიც საპატრიარქოს პატრონაჟის ქვეშაა, ფართო საზოგადოებისა და სახელმწიფო სტრუქტურების ყურადღების ცენტრში სახალხო დამცველის განცხადების შემდეგ მოექცა. როგორც ნინო ლომჯარიამ განაცხადა პანსიონში ბავშვებზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა ხორციელდება, ხოლო დაწესებულების ტერიტორიაზე მის წარმომადგენლებს შესვლის უფლებას არ აძლევენ. აღნიშნული განცხადების საფუძველზე საქართველოს შსს-მ გამოძიება დაიწყო.

დაიხურება თუ არა ნინოწმინდის პანსიონი - რა გადაწყდა საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე

საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას განცხადებით, მეუფე სპირიდონმა ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელის თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

„მეუფე სპირიდონმა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა. რა თქმა უნდა, ეს შეთანხმდა მის უწმინდესობასთან. კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანების, შესაბამისი მინდობილობის საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დღეს აღნიშნული პანსიონის დირექტორად დაარეგისტრირა მეუფე იაკობი“, – განაცხადა ქარჩავამ.

ნინოწმინდის ახალი პანსიონის დირექტორის განცხადებით, მეუფე სპირიდონთან ერთად პანსიონში გარკვეული ცვლილებების განხორციელება იგეგმებოდა, მაგრამ გარკვეული მოვლენების გამო მეუფეს ამის გაკეთება არ დასცალდა.

„მალე იხილავთ იმას, რაც უნდა გაგვეკეთებინა ერთ წელიწადში. გავაგრძელებ იმ საქმეს და ვფიქრობ, ხარისხიანად. საერთოდ, სადაც ძალიან დიდი დაწესებულებაა, ვთქვათ სიმართლე, სკოლაში ხომ არის ბულინგი, ჯარში, იქაც არის უმცროს-უფროსობა, მსოფლიოს ყველა ჯარშია ეს. ებრძვიან, მაგრამ ვერ უმკლავდებიან. მცირე-მცირე, საოჯახო რომ იქნება, იქაც დაზღვეული არ ხარ, მაგრამ უფრო მეტად დაზღვეული ხარ“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

პროკურატურა: ნინოწმინდის პანსიონის აღსაზრდელს საკუთარი ბიძა მოკვლით დაემუქრა

მეუფე იაკობის თქმით, პანსიონში დარჩებიან მხოლოდ ის ბავშვები, რომლებსაც ეს უნდათ.

„სოციალური მუშაკები მუშაობენ, სახელმწიფოს წარმომადგენლები არიან, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებიც იყვნენ შემოსული. კითხვები დღევანდელ მდგომარეობაზე არ აქვთ. ადრე რა იყო, არ ვიცი. ადრეც სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება. ვფიქრობ, არასწორი და მაგაზე ვიდავებთ აუცილებლად“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

გუშინ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ განცხადა, რომ პანსიონიდან ამ ეტაპზე ბავშვების დიდი უმრავლესობა გაყვანილია ოჯახებში, ხოლო დარჩენილებთან სოციალური მუშაკები მუშაობენ. პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა მათთვის ოჯახების მოსაძიებლად.

ნინოწმინდის პანსიონში საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მივიდნენ

მისი თქმით, 2022 წლის 1 აპრილიდან ძალაში შედის კანონი, რომლის თანახმად დიდი ზომის ინსტიტუციების დახურვა მოხდება და „პანსიონის საჭიროება აღარ იქნება“.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივნისს ნაწილობრივ დააკმაყოფილა არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) შუამდგომლობა და შესაბამის სახელმწიფო უწყებებს დაავალა შშმ სტატუსის მქონე ბავშვების პანსიონიდან დაუყოვნებლივ გაყვანის პროცესის დაწყება.