Sinovac-ის ვაქცინით აცრაზე რეგისტრაცია დღეიდან განახლდა

ჯანმომ ჩინური ვაქცინა Sinovac საგანგებო გამოყენებისთვის 1 ივნისს დაამტკიცა. ინდოეთში ჩატარებული კვლევების თანახმად, ჩინური ვაქცინა ეფექტიანობის 90%-ით გამოირჩევა.
Sputnik

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. დღეიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინა Sinovac-ით აცრის მსურველთათვის სარეგისტრაციო პორტალი განახლდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

საქართველოში Sinovac-ის პირველი დოზით ვაქცინაცია 24 მაისს დაიწყო. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) ჩინური ვაქცინა Sinovac საგანგებო გამოყენებისთვის 1 ივნისს დაამტკიცა.

საქართველო მსოფლიო ბანკისგან ვაქცინაციისთვის 34,5 მილიონ დოლარს მიიღებს

ჩინური ვაქცინა Sinopharm-ის მსგავსად Sinovac ინაქტივირებული (მკვდარი) კორონავირუსის საფუძველზეა შექმნილი. მან 2020 წლის შუა პერიოდიდან დაწყებული კლინიკური კვლევების მესამე ფაზა გაიარა.

საქართველომ Sinovac-ის ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო, რომელიც 50 ათას ადამიანზეა განსაზღვრული. დღემდე Sinovac-ის ვაქცინის პირველი დოზით აცრილია 17.199 მოქალაქე. ვაქცინის გაკეთება შეუძლიათ 18 წელს ზემოთ ასაკის პირებს. ვაქცინის სრული დოზის მისაღებად აუცილებელია ორი ინექციის გაკეთება 14-28-დღიანი ინტერვალით.

ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია სპეციალურ პორტალზე (booking.moh.gov.ge). მსურველებს აგრეთვე შეუძლიათ რეგისტრაციისთვის დარეკონ ნომერზე 15-22.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტიდან AstraZeneca-ს, 30 მარტიდან კი Pfizer-ის ვაქცინებით დაიწყო. ვაქცინაციის პროცესში 4 მაისიდან ჩინური Sinopharm-ის პრეპარატიც ჩაერთო. პირველ ეტაპზე ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო, თუმცა შემდგომ პროგრამა გაფართოვდა და ამჟამად იმუნიზაციის პროცესში ჩართვა 18 წელს ზემოთ პირებისთვის არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში სულ 206.742 ადამიანია აცრილი, სრულად, ორი დოზით ვაქცინირებულია 60 ათასზე მეტი ადამიანი.