გიორგი ქინქლაძე ფეხბურთში ბრუნდება! ბაჩანა არაბული კი საბერძნეთში აღიარეს

განსაკუთრებით საინტერესო კვირა ქართული ძიუდოს გულშემატკივრებისთვის და მარიამ ბოლქვაძის მოგებათა სერია პორტუგალიაში მიმდინარე ტურნირზე.
Sputnik

ბაჩანა არაბულის აღიარება საბერძნეთში და სატრანსფერო სიახლეებით დატვირთული კვირა

ქართველი ფორვარდის ბაჩანა არაბულის გოლი საბერძნეთის ჩემპიონატში საუკეთესოდ დაასახელეს. ბერძნული „ლამიას“ შემტევმა 2020/2021 წლის სეზონის გამორჩეული გოლი მიმდინარე წლის 5 იანვარს სალონიკის „არისის“ კარში გაიტანა. ბაჩანა არაბულმა ჯერ თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან გაიტანა, შემდეგ კი ულამაზესი „მაკრატელას“ ავტორიც გახდა.

სეზონის საუკეთესო გოლის გამოსავლენად გამოკითხვა გულშემატკივრებში ჩატარდა, სადაც ქართველმა ფეხბურთელმა დიდი უპირატესობით იმარჯვა, მას ხმების სრული რაოდენობის 52.87% ერგო და უპირობო ლიდერი გახდა.

მამარდაშვილი „ლა ლიგაში“ ითამაშებს, ქეცბაიას „ანორთოსისი“ ორმა ქართველმა დატოვა

ბაჩანა არაბული „ლამიას“ გასული სეზონის წინ შეუერთდა და საბერძნეთის სუპერლიგაში 21 თამაშში ოთხი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე პასი გააკეთა. მას ბერძნულ კლუბთან კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება.

სატრანსფერო სიახლეებს რაც შეეხება, ოქრიაშვილისა და ქვილითაიას შემდეგ კლუბის შეცვლა კიდევ რამდენიმე ქართველმა ფეხბურთელმა გადაწყვიტა.

საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა გურამ კაშიამ კარიერის გაგრძელება ბრატისლავას „სლოვანში“ გადაწყვიტა. ინფორმაცია რამდენიმე სპორტულმა მედიასაშუალებამ დაადასტურა. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ „სლოვანს“ საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი ვლადიმერ ვაისი წვრთნის და სლოვაკ სპეციალისტს კაშიასთან საკმაოდ კარგი ურთიერთობაც აკავშირებს.

პარალელურად კლუბი შეიცვალა ოთო კაკაბაძემაც, რომელიც პოლონეთში გადაბარგდა და „კრაკოვიას“ მაისურს მოირგებს. ოთარმა პოლონურ გუნდთან  3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. აღსანიშნავია, რომ „კრაკოვიას“ პოლონეთის უმაღლეს ლიგაში კარგი პერიოდი არ უდგას. გუნდმა 2020/2021 წლების სეზონში, სადაც სულ 16 გუნდი მონაწილეობდა, მე-14 ადგილი დაიკავა.

ინციდენტი ევროპის ჩემპიონატზე - ფეხბურთელმა მოედანზე გულის შეტევა მიიღო

საქართველოს ნაკრების განაპირა მცველი აქამდე ესპანურ „ტენერიფეში“ გამოდიოდა, თუმცა ოთომ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივება არ ისურვა.

ბოლო დღეებში აქტიურად იწერება ქართველი ნახევარმცველის გიორგი აბურჯანიას მომავალი კლუბის შესახებ, რომელიც შესაძლოა კვიპროსულ „ანორთოსისში“ გადავიდეს. კლუბი, რომელსაც თემურ ქეცბაია წვრთნის, ერთდროულად რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა, მათ შორის ქართველმა ლეგიონერებმაც. შესაძლო ტრანსფერის შესახებ ინფორმაცია კვიპროსულ მედიაში გავრცელდა. 

გამოცემა ასევე იუწყება, რომ „ანორთოსისში“, შესაძლოა, გიორგი ქინქლაძეც ვიხილოთ. ცხადია, რომ ქართველი ვეტერანი სპორტსმენი საფეხბურთო კარიერას ვერ გააგრძელებს, ამიტომ ის სავარაუდოდ თანამდებობას კლუბის მენეჯმენტში მიიღებს. კვიპროსში აღნიშნავენ, რომ ქინქლაძის რჩევები, საფეხბურთო კავშირები და ქართველ ფეხბურთელებზე მისი გავლენა მნიშვნელოვანი იქნება კლუბისთვის.

ბექა ღვინიაშვილმა აკრძალული ილეთი გამოიყენა, შავდათუაშვილმა კი საქართველოს ჰიმნი გააჟღერა

გასული კვირა საინტერესო იყო ძიუდოს ქომაგებისთვის, რადგან უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენებმა რამდენიმე მედალი აიღეს.

მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოში: ტურნირის ბოლო დღეს საქართველოს ნაკრები უმედლოდ დარჩა

ტურნირის მესამე საჭიდაო დღეს მედლის მოპოვება ქართველი ძიუდოისტებიდან მხოლოდ ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) შეძლო, რომელმაც მიჯრით ხუთი ორთაბრძოლა მოიგო და ფინალში უდანაკარგოდ გავიდა. ფინალში გასულმა შავდათუაშვილმა შვედი ტომი მაციასი დამატებით დროში დაამარცხა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა. ძირითადი დრო ქულის გარეშე დასრულდა, შვედ სპორტსმენს შეხვედრის მიმდინარეობისას ორი გაფრთხილება უკვე მიღებული ჰქონდა, რომელიც დამატებით დროშიც გადაჰყვა. ოქროს ქულისთვის ბრძოლაში ჩართულმა მაციასმა 50-ე წამზე ტატამი დატოვა, რისთვისაც რიგით მესამე გაფრთხილება მიიღო და შავდათუაშვილს პირველობა დაუთმო.

„მიყვარს კვარცხლბეკზე დგომა. ბედნიერი ვარ, რომ საქართველოს დროშა ყველაზე მაღლა იყო და ჰიმნი ავაჟღერე. ბედნიერი ვარ მხოლოდ იმით, რომ მესამე ოლიმპიურ თამაშებზე გამოვალ და კიდევ ვიბრძოლებ გამარჯვებისთვის. მოვლენებს წინ არ გავუსწრებ“, - განაცხადა გამარჯვების შემდეგ ლაშა შავდათუაშვილმა.

ოქრო ვერა, მაგრამ ვერცხლის მედალი მოიპოვა ტატო გრიგალაშვილმა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. საქმე აქაც დამატებით დრომდე მივიდა. ფინალში გასულმა 21 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ბელგიელ მატიას კასესთან იპონით წააგო და მეორე ადგილს დასჯერდა.

ტოკიოს ოლიმპიადაზე ლიცენზია ოთხმა ქართველმა ძალოსანმა მოიპოვა

ყველაზე დასანანი იყო მსოფლიო პირველობაზე ბექა ღვინიაშვილის (90 კგ) მარცხი, რომელმაც პირველივე ეტაპზე შვეიცარიელ სპორტსმენთან ულამაზესი გდება შეასრულა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა მან ეს აკრძალული ილეთის მეშვეობით შეძლო. ბექა შეხვედრაში ვაზარით დაწინაურდა, რის შემდეგაც კიდევ ერთი ლამაზი ილეთი შემოგვთავაზა და ბრძოლაც მოიგო, თუმცა საეჭვო ვითარების გამო მსაჯებმა მომენტი განმეორებით ნახეს, სადაც გამოჩნდა, რომ ბექამ გდება ფეხის ამოხვევით შეასრულა. აღსანიშნავია, რომ ღვინიაშვილთან ერთად მეხუთე საჭიდაო დღეს მარიამ ჭანტურიაც (70 კგ) გამოეთიშა.

სანატრელი ოქროს მედალი ვერ მოიპოვა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა (100 კგ), რომელიც 1/4-ფინალში სერბ ალექსანდარ კუკოლთან იპონით დამარცხდა და რეპეშაჟში გადაერთო. 32 წლის კაპიტანი მესამე ადგილისთვის ბრძოლაში მიხაელ კორელს დაუპირისპირდა, რომელსაც ჯერ ვაზარი აუღო, შემდეგ კი თავისი საყვარელი ილეთი გამოიყენა, მოწინააღმდეგე შებოჭა და ბრინჯაოს მედალს იპონის შეფასებით დაეუფლა.

მარიამ ბოლქვაძე პორტუგალიის ტურნირზე ფინალში გავიდა, ბასილაშვილმა კი ჰალეში მოგებით დაიწყო

ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე პორტუგალიაში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირზე წარმატებით ასპარეზობს. 23 წლის ბოლქვაძემ, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 221-ე ადგილს იკავებს, ITF დონის ნახევარფინალში იაპონელ ჰონტამასს ორ სეტში ანგარიშით 6:4, 6:4 სძლია და ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა.

ლეგენდარულმა ქართველმა სპორტსმენმა ევროპის ჩემპიონატზე მეშვიდე ადგილი დაიკავა

ბოლქვაძე ფინალში 13 ივნისს ითამაშებს. მისი მეტოქე პორტუგალიელ ფრანსისკა ჟორჟესა და ბრაზილიელ ბეატრის ჰადად მაიას შორის გაირკვევა.

რაც შეეხება ნიკოლოზ ბასილაშვილს, მან გერმანიაში ჰალეს ტურნირზე პირველი შეხვედრა გერმანელ რუდოლფ მოლეკერთან მოიგო და საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

მატჩი, რომელიც საათსა და 31 წუთს გაგრძელდა, ნიკოლოზის უპირატესობით მიმდინარეობდა. ჩოგბურთელებმა თავიანთი ჩაწოდებები კარგად გამოიყენეს, რაზეც მატჩის შედეგიც მეტყველებს. ჩოგბურთელებმა ორი ტაიბრეიკი ითამაშეს და ორივე ქართველის გამარჯვებით დასრულდა.

ბასილაშვილი ჰალეს ტურნირის საკვალიფიკაციო ბადის ნახევარფინალში კიდევ ერთ მასპინძელ სპორტსმენს შეხვდება. ჩვენებურის მეტოქე ამჯერად იანიკ ჰანფმანი იქნება, რომელსაც ნიკა კარიერაში პირველად დაუპირისპირდება.