ნამახვანჰესის საკითხზე ევროკავშირის მედიაციით შეხვედრა დასრულდა: რა გადაწყდა

რამდენიმესაათიან შეხვედრაზე გადაწყდა, რომ რიონის ხეობაში დეესკალაცია მოხდება, მთავრობა ენერგოუსაფრთხოების 10-წლიან დოკუმენტს შეიმუშავებს, ევროკავშირის წარმომადგენლები კი „ნამახვანჰესის“ მშენებლობის რისკებს შეაფასებენ.
Sputnik

თბილისი, 12 ივნისი – Sputnik. „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა, რომელიც ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის წარმომადგენლების შუამავლობით გაიმართა, სამ ძირითად საკითხზე შეთანხმებით დასრულდა.

Enka: ნამახვანჰესის მშენებლობის გაჩერებას არ ვაპირებთ

შეხვედრა, რომელსაც მედიატორების გარდა, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტები და გარემოს დაცვის და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ნატახტარში დღეს დილით ადრე დაიწყო და საღამოს დასრულდა.

შეთანხმება შემდეგ სამ საკითხზე მოხდა:

  1. ევროკავშირის წარმომადგენლები სამოქალაქო საზოგადოებასა და მთავრობასთან ერთად „ნამახვანჰესის“ პროექტის რისკებს შეაფასებენ. რისკების აღმოჩენის შემთხვევაში მათი აღმოფხვრის მიზნით მედიატორები დიალოგს უზრუნველყოფენ.
  2. რიონის ხეობაში უნდა მოხდეს დეესკალაცია, რკინის ბარიერების მოხსნა, საპოლიციო ძალების გაყვანა და იქ მყოფი ადამიანებისთვის კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლების უზრუნველყოფა გადაადგილების თავისუფლებასთან დაკავშირებით.
  3. მთავრობამ უნდა შეადგინოს დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს მომავალი 10 წლის განმავლობაში ენერგოუსაფრთხოების პოლიტიკას, მათ შორის განხილული იქნება ჰიდროელექტროსადგურების წილი და როლი მთლიან ენერგოუსაფრთხოებაში. შემდეგ მოხდება ამ დოკუმენტის განხილვა, სხვა ალტერნატიულ საშუალებებთან ერთად.
„სამოქალაქო საზოგადოებაც აქტიურად იქნება ჩართული ამ განხილვებში და რა თქმა უნდა, არ იქნება ეს დოკუმენტი დოკუმენტისთვის, არამედ აუცილებლად უნდა იყოს აღსრულებადი“, - განაცხადა ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტის ცენტრის ხელმძღვანელმა, დირკ ბუშლემ.
ნამახვანჰესის მშენებლობის საკითხზე ევროკავშირის მედიაციით პირველი შეხვედრა დაიწყო

მისი თქმით, მომავალში ევროკავშირის მხრიდან მედიაციის გაგრძელების საკითხი მხარეების მიერ აღნიშნული პირობების შესრულებაზეა დამოკიდებული.

„ეს პირობები ვადებში ეფექტურად თუ აღსრულდება, რა თქმა უნდა მედიაცია აუცილებლად გაგრძელდება“, – განაცხადა დირკ ბუშლემ.

პროტესტების ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, შეხვედრაზე საპროტესტო აქციებზე დაკავებული აქტივისტების საკითხიც განიხილებოდა.

„მკაფიოდ დადგა დაკავებული ბიჭების საკითხი. მოწოდება გაკეთდება პროკურატურის მისამართით, რომ უნდა გათავისუფლდნენ ჩვენი თანამებრძოლები, მათ შორის სამინისტრომაც ჩაინიშნა ეს მიმართვა პროკურატურის მისამართით. ასევე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი თანამებრძოლების პოტენციური დაკავებები, რაც შეიძლება მოხდეს იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ამაზე ინფორმაცია“, - განაცხადა გოლეთიანმა.

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგის დაკავება გამაფრთხილებელი სროლის ფონზე მოხდა

მან აღნიშნა, რომ შეთანხმების თანახმად, საპოლიციო ძალები უნდა გაიყვანონ რიონის ხეობიდან, ხოლო დემონსტრანტები სოფელ ნამოხვანში დაბრუნებას შეძლებენ.

„შევთანხმდით, რომ თუკი ეს პირობები შესრულდება შემდეგ პარასკევამდე, ისევ შევიკრიბებით და დადგება შემდგომი პირობის განხილვის საკითხი, რაც გულისხმობს სამუშაო პროცესის შეჩერებას უშუალოდ ხეობაში“, – განაცხადა გოლეთიანმა.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტი შვიდ თვეზე მეტია გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვანია, მის წინააღმდეგ პროტესტი სულ უფრო მძაფრდება. პროტესტს ორი მიზეზი აქვს: ერთი - ესაა საფრთხე, რომელიც მომავალი კაშხლის შესაძლო გარღვევამ შეიძლება შეუქმნას მთელ იმერეთის რეგიონს, მეორე - საქართველოში თურქული კომპანია Enka-სთვის დიდი რაოდენობით მიწების 99 წლის ვადით გადაცემაა.