ცნობილი გახდა როდის დაასახელებს მმართველი პარტია მერობის კანდიდატებს

მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივნის თქმით, დასახელდებიან ისეთი კანდიდატები, რომლებიც პარტიას არჩევნებზე გამარჯვებას მოუტანენ.
Sputnik

თბილისი, 12 ივნისი – Sputnik. საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ქალაქების და მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებს ივლისში დაასახელებს, განუცხადა ჟურნალისტებს პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა შალვა პაპუაშვილმა.

პირველი კოალიცია ადგილობრივი არჩევნებისთვის უკვე შეიქმნა

ადგილობრივი არჩევნები საქართველოში მიმდინარე წლის ოქტომბერში ჩატარდება. ქალაქებისა და რაიონების მოსახლეობა აირჩევს მუნიციპალიტეტების მერებსა და ადგილობრივი საკრებულოების წევრებს.

„ივლისში ვაპირებთ, რომ დავიწყოთ საჯაროდ დასახელება. ყველა კანდიდატი, ყველა მუნიციპალიტეტში იქნება ისეთი, რომელიც გაიმარჯვებს ოქტომბრის არჩევნებში", - განაცხადა პაპუაშვილმა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები განსაზღვრავს არა მხოლოდ თვითმმართველობის ორგანოების შემადგენლობას, არამედ, შესაძლოა, ის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების საბაბიც გახდეს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ არჩევნებზე პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.

თავად მმართველ პარტიაში ასეთი სცენარი არ განიხილება. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, „ქართულ ოცნებას“ ამომრჩეველთა 53%-ის მხარდაჭერის მოპოვების იმედი აქვს.