მეოთხე მექანიზებული ბრიგადის 44-ე საარტილერიო ბატალიონმა საველე სწავლება დაასრულა

საველე სწავლების პერიოდში ყურადღება გამახვილდა მართვისა და კონტროლის ახალი ტექნოლოგიების გამოყენებაზე.
Sputnik

თბილისი, 11 ივნისი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის ძალების მეოთხე მექანიზებული ბრიგადის 44-ე საარტილერიო ბატალიონის საველე სიტუაციური სწავლება საბრძოლო სროლებით დასრულდა, იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. 

საქართველოში წვევამდელები სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის ძალებში გაივლიან

ორკვირიანი სწავლების კურსი სამ ფაზას მოიცავდა. პირველ ეტაპზე პირადი შემადგენლობის ინდივიდუალური და სპეციალისტების შეფასება განხორციელდა, მეორე ფაზა დისლოკაციის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე საველე პირობებში მომზადებას გულისხმობდა, დასკვნითი ფაზა კი სიტუაციურ წვრთნას მოიცავდა. ბატალიონმა სწავლებაში მონაწილე ქვედანაყოფების საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანა, ტაქტიკური გადაადგილება, საცეცხლე პოზიციის რაიონების დაკავება და პირობით მოწინააღმდეგეზე საარტილერიო ცეცხლით ზემოქმედება განახორციელა.

სწავლების მესამე ეტაპს, სიტუაციურ წვრთნას აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი როლანდ ძნელაძე, მეოთხე მექანიზებული ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი ჯინჭარაძე და ბრიგადის სხვა ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

სამინისტროს ცნობით, წვრთნების მიზანია ქვედანაყოფების საბრძოლო მზადყოფნის უზრუნველყოფა, ასევე ცეცხლის მართვის ცენტრისა და სადაზვერვო ჯგუფების კოორდინირებული მოქმედებების გაუმჯობესება.