თბილისი, 11 ივნისი – Sputnik. პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოჩენილი ქართველი რეჟისორის, მწერლის, სცენარისტისა და მხატვრის რეზო გაბრიაძის სახელობის კუთხე გაჩნდება, განაცხადა ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.
გაბრიაძის სახელობის კუთხე 29 ივნისს, მის დაბადების დღეს გაიხსნება. რამდენიმე დღეში რეზო გაბრიაძეს 85 წელი შეუსრულდებოდა. კეკელიძის თქმით, აქ ბინას დაიდებს გაბრიაძის საარქივო მასალები და ნაწარმოებები.
„გვინდა კინობიბლიოთეკაში რეზო გაბრიაძის კუთხე იყოს, სადაც განთავსდება არა მხოლოდ მისი საარქივო მასალები, არამედ ტექსტებიც. დარწმუნებული ვარ, ეს კუთხე მარადიულად იარსებებს, ისევე, როგორც გაბრიაძის შემოქმედება", – აღნიშნა გიორგი კეკელიძემ.
ცნობილი მხატვარი, სცენარისტი, რეჟისორი და მოქანდაკე, თბილისის მარიონეტების თეატრის დამაარსებელი რეზო გაბრიაძე 6 ივნისს გარდაიცვალა.
რეზო გაბრიაძე 1936 წელს ქუთაისში დაიბადა. იგი იყო ავტორი 35-ზე მეტი ფილმის სცენარის, მათ შორისაა ბევრისთვის საყვარელი „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „სერენადა“, „არ დაიდარდო“, „ქვევრი“, „ფეოლა“, „შერეკილები“, „მიმინო“ და სხვ.
გაბრიაძე არის სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის (1989), რუსთაველის პრემიის, „ნიკას“, „ტრიუმფის“, „ოქროს ნიღბის“ პრემიების ლაურეატი. ასევე ის არის საფრანგეთის რესპუბლიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალერი.