თბილისი, 11 ივნისი – Sputnik. ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი ახალ ფესტივალს უმასპინძლებს, რომელიც დიდი ქართველი მუსიკოსის, მომღერლის, საგუნდო დირიჟორის, ხალხური სიმღერების შემკრებისა და პედაგოგის, ანზორ ერქომაიშვილის სახელს ატარებს, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
ქართველი მომღერალი, ლოტბარი და ფოლკლორის გამორჩეული ქომაგი ანზორ ერქომაიშვილი 80 წლის ასაკში 31 მარტს კორონავირუსის გართულებით გარდაიცვალა. ის მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს.
„ღონისძიების სტატუსი საერთაშორისოა, თუმცა წელს მსოფლიოში შექმნილი ვითარების გამო ფოლკლორული ანსამბლების სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოყვანა ვერ ხერხდება, რის გამოც მსმენელის წინაშე საკონცერტო პროგრამებით მხოლოდ ქართული ანსამბლები წარდგებიან“, - ნათქვამია განცხადებაში.
ფესტივალის ფარგლებში წელს ოთხი კონცერტი გაიმართება: 12 ივნისს საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავი“ წარდგება მაყურებლის წინაშე; 13 ივნისს – ქართული სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „ბასიანი“; 19 ივნისს – საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „ერისიონი“; 20 ივნისს – აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „შავნაბადა“.
ქვეყანაში არსებული კოვიდ-რეგულაციებიდან გამომდინარე, ბილეთები გაიყიდება მხოლოდ ელექტრონულად, პორტალზე www.biletebi.ge.
ფესტივალის მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია.
ანზორ ერქომაიშვილი 1940 წლის 10 აგვისტოს ბათუმში დაიბადა. 1968 წლიდან 2019 წლამდე იყო ანსამბლ „რუსთავის“ ხელმძღვანელი.
ანზორ ერქომაიშვილი არის საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1969), თბილისის საპატიო მოქალაქე (2014). საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იგი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.
ავტორია წიგნებისა „ხმა უცნაური“, „შავი შაშვი ჩიოდა“, „ბაბუა“.