საქართველო რეზო გაბრიაძეს ემშვიდობება

მაესტროსთან გამომშვიდობების ცერემონია ერთდროულად რამდენიმე ადგილზე გაიმართება – თბილისში და რუსეთის ქალაქებში.
Sputnik

თბილისი, 10 ივნისი – Sputnik. საქართველო ემშვიდობება გამოჩენილ რეჟისორს, მწერალს, სცენარისტსა და მხატვარს, თბილისის მარიონეტების თეატრის დამაარსებელს რეზო გაბრიაძეს – მას ხუთშაბათს, 10 ივნისს თბილისში, მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.

მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში რეზო გაბრიაძის პანაშვიდი გაიმართება>>

დიდი მაესტროს ცხედარს 15:00 საათზე ანჩისხატის ტაძრიდან გამოასვენებენ.

თბილისში გამომშვიდობების ცერემონიის პარალელურად პანაშვიდები გაიმართება მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში – მოსკოვში წმინდა გიორგის ტაძარში, ხოლო სანქტ-პეტერბურგში – ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში.

რეზო გაბრიაძეს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ

გამოჩენილი მხატვარი, სცენარისტი, რეჟისორი და მოქანდაკე, თბილისის მარიონეტების თეატრის დამაარსებელი (1981) რეზო გაბრიაძე 1936 წელს ქუთაისში დაიბადა. რეზო გაბრიაძე იყო ავტორი 35-ზე მეტი ფილმის სცენარის, მათ შორისაა ბევრისთვის საყვარელი „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „სერენადა“, „არ დაიდარდო“, „ქვევრი“, „ფეოლა“, „შერეკილები“, „მიმინო“ და სხვა. ყველა ეს ფილმი ქართული კინემატოგრაფიის კლასიკად იქცა.

გაბრიაძე არის სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის (1989), რუსთაველის პრემიის, „ნიკას“, „ტრიუმფის“, „ოქროს ნიღბის“ პრემიების ლაურეატი. ასევე ის არის საფრანგეთის რესპუბლიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალერი.