თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნულ გვარდიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
მემორანდუმის მიზანია საგანგებო სიტუაციების დროს მზადყოფნისა და რეაგირების ეტაპებზე მხარეებს შორის კოორდინირებული მუშაობის გაუმჯობესება.
თანამშრომლობის ფარგლებში იგეგმება ერთობლივი სწავლებების ჩატარება. მხარეთა მიერ წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინსტრუქტორები უზრუნველყოფენ ეროვნული გვარდიის თანამშრომლების გადამზადებას და, საჭიროების შემთხვევაში, მოხდება საგანგებო სიტუაციების დროს ერთობლივი ძალების მობილიზება.
გარდა ამისა, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით იგეგმება ეროვნული გვარდიის რეზერვისტთა მომზადებაც.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გამართულ ღონისძიებაზე მემორანდუმს ხელი სამსახურის უფროსმა, სამოქალაქო უსაფრთხოების გენერალ-მაიორმა თეიმურაზ მღებრიშვილმა და ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ მოაწერეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნულ გვარდიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების ცერემონიას ნატოს ექსპერტი პიტერ კოს-კლაესონი, ასევე შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და ეროვნული გვარდიისა ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.