საქართველო თავის მეზღაპრეს გამოეთხოვა: რეზო გაბრიაძე მთაწმინდაზე დაკრძალეს

დღეს საქართველო დიდ რეჟისორს, მწერალს, სცენარისტს, მხატვარსა და თბილისის მარიონეტების თეატრის დამაარსებელს რეზო გაბრიაძეს გამოეთხოვა. მაესტრო მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს.
Sputnik

ხელოვანი ბოლო გზაზე მისმა ოჯახმა, მეგობრებმა, კოლეგებმა, ქვეყნის პირველმა პირებმა და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებმა გააცილეს.

იმავდროულად პანაშვიდი გაიმართა გაბრიაძის მშობლიურ ქუთაისშიც − წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, ასევე მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის ეკლესიებშიც.

რეზო გაბრიაძე არის 35-ზე მეტი ფილმის სცენარის ავტორი, რომლებიც ქართული კინემატოგრაფიის კლასიკად იქცა. მათ შორისაა ყველასათვის ცნობილი და საყვარელი „მიმინო“, „არ დაიდარდო“, „ქინ-ძა-ძა“.

რეზო გაბრიაძეს მინიჭებული აქვს სსრკ-ის სახელმწიფო პრემია, რუსთაველის პრემია, „ნიკა“, „ტრიუმფი“, „ოქროს ნიღაბი“. ის ასევე არის საფრანგეთის რესპუბლიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალერი.