უმედლო დღე ძიუდოში – ბექა ღვინიაშვილმა აკრძალული ილეთი გამოიყენა

მსოფლიო პირველობის მეხუთე საჭიდაო დღეს ბექა ღვინიაშვილმა და მარიამ ჭანტურიამ იასპარეზეს, მეექვსე დღეს კი კვარცხლბეკზე ასვლას ლიპარტელიანი და სულამანიძე შეეცდებიან.
Sputnik

თბილისი, 10 ივნისი – Sputnik. უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მეხუთე დღეს მოასპარეზე ორივე ქართველი სპორტსმენი შეჯიბრებას გამოეთიშა.

დღეს ტატამზე ბექა ღვინიაშვილი (90 კგ) და მარიამ ჭანტურია (70 კგ) ვიხილეთ, რომლებიც მსოფლიო პირველობას საწყის ეტაპზე დაემშვიდობნენ.

ლაშა შავდათუაშვილი - მსოფლიო ჩემპიონია!

ბექა ღვინიაშვილი ტურნირზე განთესილი იყო და მას ჭიდაობა პირდაპირ მეორე წრიდან მოუწია, სადაც მისი მეტოქე შვეიცარიელი სირილ გროსკლაუსი იყო. თავდაპირველად ღვინიაშვილი ვაზარით დაწინაურდა, რასაც სულ მალე მომგებიანი გდებაც მიაყოლა. მაგრამ ქართველ ძიუდოისტს გამარჯვება ვიდეოგამეორების შედეგად ჩამოართვეს, სადაც ნათლად გამოჩნდა, რომ ღვინიაშვილმა აკრძალული ილეთი – კავაზუ გაკე (ფეხის ამოხვევით გდება) გამოიყენა. აღნიშნულის გამო ბექა ტურნირს ნაადრევად გამოეთიშა.

რაც შეეხება მარიამ ჭანტურიას, მან პირველი შეხვედრა გაბონელ კარენ აგონო ვორასთან იპონით მოიგო, მაგრამ მეორე წრეში ის გერმანელ მირიამ ბუტკერაიტთან დამარცხდა.

ქართველმა ძიუდოისტმა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა>>

საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი მედალი აქვს. ლაშა შავდათუაშვილმა ოქროს მედლის მოპოვება შეძლო, ხოლო ტატო გრიგალაშვილი ვერცხლს დასჯერდა. მეექვსე საჭიდაო დღეს ბუდაპეშტში ტატამზე ვარლამ ლიპარტელიანი და ილია სულამანიძე (ორივე -100 კგ) გავლენ.