რამდენმა ადამიანმა გადაიტანა კორონავირუსი თბილისში: თენგიზ ცერცვაძემ დათვალა

დედაქალაქში 110 ათას ადამიანს კორონავირუსი ლაბორატორიულად დაუდასტურდა, ხოლო 220 ათას თბილისელს სისხლში ანტისხეულები აღმოაჩნდა.
Sputnik

თბილისი, 9 ივნისი – Sputnik. თბილისის მასშტაბით კორონავირუსი დაახლოებით 350 ათას ადამიანს აქვს გადატანილი, განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ.

როგორც ცერცვაძემ განმარტა, ოფიციალური მონაცემებით, თბილისის მოსახლეობის 11%-ს (110 ათას ადამიანს) გადატანილი აქვს ლაბორატორიულად დადასტურებული კორონავირუსი. ხოლო 220 ათასმა ადამიანმა, ანუ 23%-მა არ იცოდა, რომ კორონავირუსი ჰქონდათ გადატანილი, მაგრამ სისხლში ანტისხეულები აღმოაჩნდათ.

„თბილისის მასშტაბით კოვიდი გადატანილი აქვს მოსახლეობის 33%-ს, ეს არის დაახლოებით 350 ათასი ადამიანი. ასეთივე პროპორციები იქნება ქვეყნის მასშტაბითაც, ამიტომ ვამბობთ, რომ როდესაც ჩვენ მივაღწევთ 65%-ს ვაქცინაციისას, ეს 350 ათასი ადამიანი დაემატება ვაქცინირებულებს, იმიტომ, რომ აქვთ იმუნიტეტი და ჩვენ დავამთავრებთ პანდემიას“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
საქართველოში შესაძლოა უცხოელების ვაქცინაცია დაიწყოს

ინფექციონისტი ასევე შეეხო კორონავირუსის შედეგად სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელს საქართველოში. მისი თქმით, ეს გამოწვეულია ბრიტანული შტამის გავრცელებით და ასევე ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლით.

„ეს შტამი არამხოლოდ სწრაფად ვრცელდება და მეტი გადამდებლობით ხასიათდება, არამედ იწვევს დაავადების მნიშვნელოვნად მძიმე ფორმებს. დღევანდელი კონტიგენტი კოვიდავადმყოფებისა გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე იქამდე, სანამ ბრიტანული შტამი გაჩნდებოდა... ამასთან, სიკვდილიანობა გაცილებით მაღალია იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაცია დაბალია და ჩვენ სამწუხაროდ, ამ სიას მივეკუთვნებით. სულ 5-6%-ია ვაქცინირებული მოსახლეობის, მაშინ როდესაც ისრაელმა, ბრიტანეთმა და ამერიკამ მოსახლეობის ორი მესამედი აცრა“, - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

მისი თქმით, 15 გარდაცვლილი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან ბევრია და სპეციალისტები საგანგებო ზომებს იღებენ იმისათვის, რომ ეს რიცხვი შემცირდეს.

გახდება თუ არა კორონავირუსის ვაქცინის მესამე დოზა საჭირო: გამყრელიძის განმარტება

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 821-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 351.249-ს მიაღწია. ქვეყანაში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის  შემთხვევებიდან  ყველაზე მეტი – 439 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა.

ამ ეტაპზე საქართველოში ვაქცინაცია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებით – AstraZeneca-თი, Pfizer-ით, Sinopharm-ით და Sinovac-ით ხორციელდება. ყველა ამ ვაქცინის შემთხვევაში საჭიროა ორი დოზის გაკეთება.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში სულ 184.718 ადამიანია აცრილი, სრულად, ორი დოზით ვაქცინირებულია 54.474 ადამიანი.