კახა კალაძე ავტომობილების მძღოლებს აფრთხილებს

პრობლემის მოსაგვარებლად სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიდეოკამერები დამონტაჟდება, აღნიშნა კალაძემ.
Sputnik

თბილისი, 9 ივნისი – Sputnik. სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე თუ ავტომანქანა ავტობუსის ზოლში გაჩერდება და საზოგადოებრივ ტრანსპორტს შეაფერხებს, მძღოლი აუცილებლად დაჯარიმდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

კალაძემ განმარტა, რომ აღნიშნული ტერიტორია დედაქალაქში ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური სატრანსპორტო მონაკვეთია, სადაც „მაკდონალდსის დრაივი“ (როდესაც მძღოლი მანქანიდან გადაუსვლელად იღებს ფასტფუდზე მიცემულ შეკვეთას) ფუნქციონირებს და ამის გამო პიკის საათებში ხშირად დგება ავტომანქანების რიგი.

კალაძის დაპირება: თბილისში „საცობები" აღარ იქნება

„ბევრი ვიმუშავეთ ამ პრობლემასთან დაკავშირებით და ერთადერთი გადაწყვეტა არის ვიდეოსათვალთვალო კამერის დაყენება. პარალელურად მინდა ვთხოვო თბილისის სატრანსპორტო კომპანიას, რომ ადგილზე იდგეს ერთი ინსპექტორი გარკვეული პერიოდულობით და მძღოლებს მიაწოდოს ინფორმაცია“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კალაძე მძღოლებს აფრთხილებს – დაიცვან საგზაო მოძრაობის წესები, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრებათ.

თბილისში ავტობუსის ზოლში ავტომობილის გაჩერება ან ამ ზოლზე გავლა 100 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს.

მერია საზოგადოებრივი ტრანსპორტის კომფორტზე იმუშავებს, პირადი ავტომობილი პრიორიტეტი არაა>>

ბოლო წლებში თბილისში აქტიურად ხორციელდება სატრანსპორტო რეფორმა, რომელიც დედაქალაქის „საცობებისგან“ განტვირთვასთან ერთად მიზნად ისახავს, რომ თბილისელებისთვის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა უფრო კომფორტული და უსაფრთხო იყოს. მერიამ არაერთხელ აღნიშნა, რომ მისთვის პრიორიტეტულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი და არა პირადი ავტომობილი.