ვაქცინაცია COVID-19-ზე: დაიწყო ტურიზმის სექტორში დასაქმებულთა აცრა

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის საშუალება ეტაპობრივად ტურიზმის სექტორის ყველა წარმომადგენელს ექნება.
Sputnik

თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. დღეიდან ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისთვის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რეგიონებში იწყება, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისი ვაქცინირებული მოგზაურებისთვის ტურისტული მიმართულებების რეიტინგის სათავეშია

იურიდიულად რეგისტრირებული ტურისტული კომპანიების, განთავსებისა და კვების ობიექტების თანამშრომლებს შესაძლებლობა ეძლევათ, ჩაიტარონ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია.

სააგენტოს ინფორმაციით, ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები, თბილისის გარდა, ბათუმსა და თელავში აიცრებიან.

სარეგისტრაციო ფორმა ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე.

ბოლო მონაცემებით, ვაქცინის მისაღებად რეგისტრაცია ინდუსტრიის 3000-ზე მეტმა წარმომადგენელმა გაიარა.

მანამდე ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ტურიზმის სექტორში დასაქმებული ის კომპანიები, რომელთა პერსონალის უმრავლესობა ვაქცინირებული იქნება, კოვიდ-უსაფრთხო ობიექტებად ჩაითვლება.

ნათია თურნავა: ტურიზმის სექტორში დასაქმებულთა ვაქცინაცია ძალიან მნიშვნელოვანია

მინისტრის თქმით, ქვეყანაში იზრდება ტურისტების ორგანიზებული ჯგუფების შემოსვლა, რასაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ვაქცინაციის ნუსხაში ტურიზმის სექტორის პრიორიტეტად შეყვანამ.

ამ ეტაპზე საქართველოში ვაქცინაცია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებით – AstraZeneca-თი, Pfizer-ით, Sinopharm-ით და Sinovac-ით ხორციელდება. ყველა ამ ვაქცინის შემთხვევაში საჭიროა ორი დოზის გაკეთება.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში სულ 178.738 ადამიანია აცრილი.