რა ელის ლარს? საქართველოს ფინანსთა მინისტრის პროგნოზი

საქართველოში ეკონომიკური ზრდა 2021 წელს სრულად აანაზღაურებს შარშანდელ ეკონომიკურ ვარდნას და აღდგენის პროცესი იმაზე სწრაფი იქნება, ვიდრე მოსალოდნელი იყო.
Sputnik

თბილისი, 7 ივნისი - Sputnik. უახლოეს მომავალში ლარის დიდი მერყეობა მოსალოდნელი არ არის, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ლარის კურსმა დოლარის მიმართ მაისში გამყარება დაიწყო და დღეისათვის ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი 6%-ით გაიზარდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 8 ივნისს 3,1569 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. 

საქართველოს ბიზნეს-ასოციაცია: ლარის შემდგომი გამყარებისთვის რესურსი არსებობს

„ვხედავთ, რომ ეკონომიკური ზრდა, რომელიც აპრილის თვეში დაფიქსირდა, არ არის ერთი სექტორიდან გამომდინარე, ეს დაფიქსირდა ეკონომიკის ყველა სექტორზე და აღდგენის ნიშანი არის მთლიანად ეკონომიკასთან მიმართებაში. ყველა ეს ფაქტორი და პოლიტიკური სტაბილურობა ხელს უწყობს მოლოდინების და განწყობების გაუმჯობესებას ეკონომიკაში. ამ რეალობის ასახვა ხდება ლარის კურსზეც, თუმცა კონკრეტულად რა წონასწორობის ნიშანი იქნება, ეს მომავალში გამოჩნდება. ვფიქრობ, მომდევნო პერიოდი იქნება უფრო სტაბილური, დიდი მერყეობის გარეშე“, -განაცხადა ხუციშვილმა.

მისი თქმით, ეკონომიკური ზრდა 2021 წელს მთლიანად აანაზღაურებს შარშანდელ ვარდნას და აღდგენის პროცესი უფრო სწრაფი იქნება, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მშპ-ს ზრდამ აპრილში გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 44,8% შეადგინა, ოთხი თვის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა კი 8,1%.

რატომ გამყარდა ლარი - პარლამენტის დეპუტატის ხედვა

მაჩვენებლების მოულოდნელმა გაუმჯობესებამ ქვეყნის მთავრობას შესაძლებლობა მისცა, გადაეხედა 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზებისთვის და 4,3-დან 6,5%-მდე გაეზარდა იგი. ეს საბაზო სცენარით. იხილება კიდევ ორი სცენარი - ოპტიმისტური - 10,2% და პესიმისტური - 4,3%.

საქართველოს ეკონომიკა ჯერ კიდევ იმკის კორონავირუსის პანდემიის მძიმე შედეგებს, რომელიც ყველა სფეროს შეეხო. ეკონომიკის ვარდნის ტემპები კორონავირუსის მეორე ტალღის დროს დაჩქარდა, რამაც 2020 წელს მშპ-ის 6,2%-ით შემცირება გამოიწვია.