თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. ბუკინგემის სასახლე თბილად შეხვდა სასექსის ჰერცოგის ოჯახის ახალი წევრის შემატებას. დედოფალმა ელისაბედ მეორემ და პრინც ჰარის სხვა ნათესავებმა წყვილს სოციალური ქსელების ოფიციალურ გვერდებზე მიულოცეს მეორე შვილის დაბადება.
კეიტ მიდლტონმა და პრინცმა უილიამმა საკუთარი სახელით გამოაქვეყნეს შეტყობინება ოფიციალურ „ინსტაგრამზე“. „ჩვენ ყველა აღფრთოვანებული ვართ ლილის დაბადებით. ვულოცავთ ჰარის, მეგანს და არჩის“, – დაწერეს მათ.
ორ ძმას შორის ურთიერთობა მეგანისა და ჰარის ოპრა უინფრისთან სკანდალური ინტერვიუს შემდეგ საგრძნობლად გაუარესდა და კეიტი ახლა აქტიურად ცდილობს მათ შერიგებას. ინსაიდერები ამბობენ, რომ კემბრიჯის ჰერცოგებმა ბედნიერ მშობლებს საჩუქარიც გაუგზავნეს ქალიშვილის დაბადების აღსანიშნავად.
ბიძაშვილს და მის მეუღლეს პრინცესა ევგენიამაც მიულოცა. ის და ჰარი ძალიან ახლოს არიან, დროს ერთად ატარებდნენ და ყოველთვის კარგ ურთიერთობას ინარჩუნებდნენ. „გილოცავთ ჩემო ძვირფასო რძალო და ბიძაშვილო. ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ თქვენ გამო“, – დაწერა მან „ინსტაგრამზე“.
პრინცმა ჩარლზმა და მისმა მეუღლემ, კორნუალის ჰერცოგინია კამილამ ასევე თბილი სიტყვები გაუგზავნეს თავიანთ შვილს და რძალს. „ვულოცავ ჰარის, მეგანს და არჩის ლილიბეტ დაიანას დაბადებას და ვუსურვებ საუკეთესოს ამ განსაკუთრებული დროისთვის“, – დაწერეს მათ სოციალურ ქსელში.
სამეფო წყვილის კიდევ ერთი შთამომავალი 4 ივნისს სანტა-ბარბარაში (კალიფორნია) დაიბადა. მისი წონა 3,5 კილოგრამია. დედა-შვილი თავს ჯანმრთელად და კარგად გრძნობენ.
39 წლის მეგან მარკლმა დაწერა: „ის უფრო მეტია, ვიდრე წარმოგვედგინა და ჩვენ მადლიერები ვართ იმ სიყვარულისა და ლოცვებისთვის, რასაც მთელი მსოფლიოსგან ვგრძნობდით. მადლობას გიხდით თქვენი სიკეთისა და ჩვენი ოჯახის მხარდაჭერისთვის ამ განსაკუთრებულ დროს”.
პატარა ლილი ინგლისის დედოფალ ელისაბედ მეორის მე-11 შვილთაშვილია და ის ტახტის მემკვიდრეთა შორის მერვე ადგილს იკავებს.
ექნება თუ არა ახალშობილ გოგონას პრინცესას ტიტული, ამას დრო გვიჩვენებს.
გასული წლის იანვარში პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა უარი თქვეს სამეფო ოჯახის წევრობაზე — სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას ტიტულების შენარჩუნებით. წყვილი აცხადებდა, რომ სურდათ უარი ეთქვათ სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების მიღებაზე, რათა ფინანსურად დამოუკიდებლები ყოფილიყვნენ.
2019 წლის 6 მაისს მეგანმა თავისი პირველი ვაჟი გააჩინა, რომელსაც არჩი მონბატენ-უინძორი დაარქვეს.