ცესკო კენჭისყრის ახალი ტექნოლოგიით საპილოტო არჩევნებს ჩაატარებს

საპილოტო არჩევნებით შემოწმდება, როგორ მოქმედებს კენჭისყრის ახალი ტექნოლოგიები. კენჭისყრა შაბათს, 12 ივნისს გაიმართება და მასში მონაწილეობას ათასამდე ადამიანი მიიღებს.
Sputnik

თბილისი, 7 ივნისი - Sputnik. საპილოტო არჩევნები საარჩევნო რეფორმის ფარგლებში დასანერგი ელექტრონული ტექნოლოგიების გამოსაცდელად 12 ივნისს ჩატარდება. ეს გადაწყვეტილება ცესკოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

ორშაბათს სამუშაო შეხვედრაზე პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განიხილეს საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის საკითხი. კერძოდ, საუბარი შეეხო ისეთ საკითხებს, როგორებიცაა შტრიხკოდები, ამომრჩეველთა იდენტიფიკაცია და ბიულეტენების დათვლის პროცესი კამერების წინ. სატესტო არჩევნებში მონაწილეობას ათასამდე ადამიანი მიიღებს.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შედეგების ხელახლა დათვლა იწყება

ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის გიორგი შარაბიძის სიტყვებით, ყველა მომზადებული მასალა არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პარტიებში გაიგზავნება. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ცვლილებები მოესწროს.

„დღეს საარჩევნო ადმინისტრაციაში მორიგი შეხვედრა გაიმართა. ასეთი შეხვედრები ორი-სამი კვირაა ინტენსიურად იმართება. დღეს სამუშაო ჯგუფმა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ასევე პოლიტიკურ პარტიებს წარუდგინა შეთანხმებული და დამუშავებული შესაძლო ვარიანტები, რომლებიც საარჩევნო პროცესს უფრო გამჭვირვალეს გახდის“, - აღნიშნა შარაბიძემ.

მისი სიტყვებით, სატესტო არჩევნების შემდეგ შაბათს პროცესში მონაწილე ყველა მხარე იმსჯელებს თვალსაჩინო პრობლემებზე და მიიღებს გადაწყვეტილებას. თუ სამუშაო ჯგუფების წევრები მათ ეფექტურად ჩათვლიან, მხარეები რეალიზაციის მომდევნო ეტაპზე გადავლენ.

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით მიღებულია: რა იქნება შემდეგ

სხდომას ექსცესების გარეშე არ ჩაუვლია. ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელმა შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა, რადგან მას ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია ესწრებოდა. სწორედ ჟვანიას აბრალებს ბევრი ოპოზიციური პარტია საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას.

თამარ ჟვანია ცესკოს 2013 წლიდან ხელმძღვანელობს. 2018 წლის დეკემბერში იგი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ მეორე ვადით აირჩიეს.

ოპოზიციამ და მმართველმა პარტიამ საარჩევნო სისტემის რეფორმის საკითხზე კომპრომისს მიაღწიეს, მაგრამ არა ჟვანიას გადადგომის საკითხში. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეთანხმების თანახმად, მხარეებმა შეთანხმებულად ისე უნდა შეცვალონ საქართველოს საარჩევნო კოდექსი, რომ მასში ვენეციის კომისიისა და OSCE/ODIHR-ის ყველა რეკომენდაცია აისახოს.