თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. საქართველოში ავტომობილების საბაჟო საწყობების საქმიანობის შემსუბუქებული სანებართვო პირობები და აღრიცხვის გამარტივებული პროცედურები 15 ივნისიდან ამოქმედდება, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
2021 წლის 15 ივნისიდან მსუბუქდება სატრანსპორტო საშუალებების განთავსებისათვის განკუთვნილი საბაჟო საწყობების საქმიანობის სანებართვო პირობები და მარტივდება სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო საწყობში შეტანის, აღრიცხვისა და საბაჟო საწყობიდან გატანის პროცედურები.
კერძოდ:
- უცხოეთიდან შემოყვანილი სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო საწყობში შენახვის ვადა, რაც მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულია არაუმეტეს 3-თვიანი პერიოდით, იზრდება 12 თვემდე;
- სატრანსპორტო საშუალებების შენახვისათვის განკუთვნილი საბაჟო საწყობების საქმიანობის ნებართვის მქონე პირებისთვის ვიდეომეთვალყურეობის წარმოება სავალდებულო იქნება მხოლოდ საბაჟო საწყობის შესასვლელსა და გასასვლელში (გამოსახულების ვიდეოჩამწერი საშუალებებით აღჭურვის ვალდებულება აღარ გავრცელდება ავტომობილების შენახვისათვის განკუთვნილი საბაჟო საწყობების დათვალიერებისა და გადატვირთვის ოპერაციების განხორციელების ადგილებზე);
- ავტომობილების რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით საბაჟო საწყობიდან არაუმეტეს 48 საათით გაყვანის შეზღუდვა და ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის სავალდებულო შევსების პირობა აღარ გავრცელდება იმ ავტომობილებზე, რომელთა მიმართაც არ არის ამოწურული გაფორმების ადგილამდე მიტანის ვადა.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ აღნიშნული ცვლილებები ავტოიმპორტიორი კომპანიების ინტერესების გათვალისწინებისა და ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით ხორციელდება.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მუდმივ კონტაქტშია ავტოიმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებთან და მათ დადგენილებაში ცვლილებების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას აწვდის.
განბაჟებული ავტომობილების რიცხვი საქართველოში 2020 წელს 9,1%-ით გაიზარდა და 67 ათასი შეადგინა. რეექსპორტისთვის შემოტანილი ავტომობილებისთვის ამ პროცედურების ჩატარება ბევრ დილერს მოუწია, რადგან გარე მოთხოვნა შემცირდა.
საქართველოში ყოველ ათას ადამიანზე 304 ავტომობილი მოდის, ამასთან, უმეტესობა 15 წლის წინ არის გამოშვებული. ავტომობილების გაყიდვა 2020 წელს საქართველოში 18%-ით შემცირდა, თუმცა დაბალმა მოთხოვნამ ფასებზე მხოლოდ უმნიშვნელოდ იმოქმედა – წელიწადში ფასები მხოლოდ 5%-ით შემცირდა.