თბილისში ახლად აშენებულ საცხოვრებელ ბინებზე ფასებმა მოიმატა

ქალაქის ახლად აშენებულ ბინებში 2021 წლის პირველ კვარტალში 1 კვადრატული მეტრი ფართობის საშუალო ფასი 2.262 ლარს შეადგენს.
Sputnik

თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. თბილისში ახალ საცხოვრებელ ბინებზე ფასების ინდექსი წლის პირველ კვარტალში 2%-ით გაიზარდა, ხოლო წლიური ზრდის მაჩვენებელმა 13,6% შეადგინა, იუწყება სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.

საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე ფასების ინდექსი ფასების დინამიკას ასახავს და მოიცავს ახლად აშენებულ და მშენებარე უძრავ ქონებას თბილისში.

„საქსტატის“ მონაცემებით, ახალი ბინების ფასები წელიწადში, გასული წლის საშუალო ფასთან შედარებით, 8,2%-ით გაძვირდა, ხოლო პირველ კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით – 12%-ით.

ბინების ფასები ახალ შენობებში თბილისში

რაიონიკვადრატული მეტრის საშუალო ფასი ლარში
მთაწმინდა4 236
ვაკე3 774
საბურთალო3 236
ჩუღურეთი3 211
კრწანისი3 000
დიდუბე2 929
ნაძალადევი2 571
ისანი2 529
გლდანი2 490
სამგორი2 359

ახალ კერძო სახლებზე ფასების საშუალო ზრდამ წელიწადში, გასული წლის საშუალო ფასთან შედარებით, დედაქალაქში 12.8% შეადგინა, ხოლო პირველ კვარტალში ფასები, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 18.3%-ით გაიზარდა.

ახალი კერძო სახლების ფასები თბილისში

რაიონი კვადრატული მეტრის საშუალო ფასი ლარში
მთაწმინდა 3 687
ვაკე3 480
საბურთალო 2 860
ჩუღურეთი 2 703
კრწანისი2 690
დიდუბე2 472
ნაძალადევი2 250
ისანი1 993
გლდანი1 801
სამგორი1 714

„საქსტატის“ კვლევის თანახმად, 2021 წლის პირველ კვარტალში 1 კვადრატული მეტრის საშუალო ფასი ახლად აშენებულ სახლებში შეადგენს: ე.წ. შავი კარკასი – 2.262 ლარს, თეთრი კარკასი – 2.774 ლარს, მწვანე კარკასი – 3.213 ლარს. 2020 წელს ეს ფასები ასეთი იყო: შავი კარკასი – 1.741 ლარი, თეთრი – 2.226, მწვანე – 2.858 ლარი.

სიახლე „საქსტატისგან“

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ახალ ბინებზე ფასების ინდექსი თავისი მუშაობის განმავლობაში პირველად წარმოადგინა.

ფასების ინდექსი მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის მნიშვნელოვანი ინდიკატორია და მას უმეტესად საქართველოს ეროვნული ბანკი და კერძო დეველოპერები იყენებენ. ის, ერთი მხრივ, ემსახურება უძრავი ქონების განვითარებისა და ბაზრის რისკების შეფასებას, ხოლო მეორე მხრივ – უძრავი ქონების ბაზარსა და ფინანსურ სტაბილურობასთან კავშირების დადგენასა და შეფასებას.

საქართველოში ცხოვრების დონე დაეცა COVID-19 პანდემიის დროს: ახალი სტატისტიკა

„საქსტატმა“ მუშაობა ამ მიმართულებით საერთაშორისო სავალურო ფონდის დახმარებით 2018 წელს დაიწყო. ფონდის ექსპერტების რამდენიმე სტუმრობის შემდეგ შემოიღეს მაჩვენებელი, რომელიც ბოლო საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება.

გარდა ამისა, ინდექსის გათვლისთვის საჭირო მონაცემების მისაღებად „საქსტატში“ მონაცემების შეკრების ახალი, თანამედროვე მეთოდი დანერგეს – ინფორმაციის ავტომატური შეკრება ვებ-გვერდებიდან, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მონაცემების მოცულობას, აუმჯობესებს ინფორმაციის ხარისხს და ამცირებს დატვირთვას რესპონდენტებზე.

„საქსტატის“ ინფორმაციით, მომავალში ინდექსის დაფარვის ზონის გაფართოება იგეგმება სხვა ქალაქებისა და ბაზრის სხვა სეგმენტების დამატების ხარჯზე, რაც კიდევ უფრო გაზრდის ინდიკატორის ხარისხს და მისი გამოყენების სფეროს.