პოლიციამ ქუთაისში სამხედრო პირის დაჭრაში ბრალდებულები დააკავა

დაშავებული გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ამ დროისთვის მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
Sputnik

თბილისი, 6 ივნისი  – Sputnik. ქუთაისის პოლიციის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა სამხედრო მოსამსახურეზე თავდასხმის ბრალდებით ორი მამაკაცი დააკავეს.

„1988 წელს დაბადებულ დ.გ.-ს ბრალად განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება, ხოლო 1979 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.ც. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ბრალდებით არის დაკავებული“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პირველი თბილისში დააკავეს, მეორე - ოზურგეთში.

კრიმინალი საქართველოში: შსს ახალ სტატისტიკას აქვეყნებს

დანაშაულები 6-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამხედრო მოსამსახურე დიმიტრი ბუცხრიკიძე მძიმედ დაჭრეს პარასკევს, 4 ივნისს. გამოძიებამ დაადგინა, რომ წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან მას ნაცნობმა მამაკაცმა ესროლა. როგორც უწყებაში ამტკიცებენ, ის თანმხლებ პირებთან ერთად, ავტომობილით დაედევნა სამხედროს. სროლის შემდეგ ისინი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

დაშავებული გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ამ დროისთვის მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.