გარემოს დაცვის მსოფლიო დღე: კრწანისის ტყე-პარკში გამოფენა გაიხსნა

5 ივნისიდან 8 ივლისამდე, კრწანისის ტყე-პარკში ყოველ ორშაბათსა და ხუთშაბათს, გამოფენასთან ერთად, სხვადასხვა თემატური ღონისძიება გაიმართება.
Sputnik

თბილისი, 5 ივნისი  – Sputnik. გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, კრწანისის ტყე-პარკში ცნობილი ავსტრიელი ხელოვანისა და გარემოსდამცველის, ფრიდენსრაიხ ჰუნდერტვასერის (Friedensreich Hundertwasser) გამოფენა გაიხსნა, იუწყება ტელეკომპანია „პირველი არხი“.

რიონის ხეობაში ხმაურის აქცია გრძელდება: კარვები მეოთხე ლოკაციაზე გაიშალა

გამოფენა ავსტრიის საელჩომ, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობამ, ველური ბუნების ეროვნულმა სააგენტომ და CENN-მა გახსნეს.

გახსნით ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ავსტრიის ელჩი საქართველოში თომას მიულმანი, ავსტრიის განვითარების სააგენტოს თბილისის ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდერ კარნერი, CENN-ის აღმასრულებელი დირექტორი ნანა ჯანაშია, ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს დირექტორი რევაზ ბეჟაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი და გამოფენის კურატორი მარიამ შერგელაშვილი.

„ჩვენ ახლა ვართ კრწანისის ტყე-პარკში. საოცარი ადგილია თბილისსა და რუსთავთან ახლოს. ეს საუკეთესო ადგილია ბუნებასთან შეხებისთვის. ჩვენმა ავსტრიელმა მეგობრებმა ძალიან კარგი სამუშაო შეასრულეს და მოაწყვეს ავსტრიელი ხელოვანის გამოფენა, რომელიც გარემოსდაცვითი მოძრაობის წევრი იყო ავსტრიაში, გერმანიაში და მსოფლიოშიც. დღეს ჩვენ აღვნიშნავთ გარემოს დაცვის დღეს და იმედია, საქართველოში გარემოზე ყველა ფიქრობს და თანხმდება, რომ გარემოს დაცვა არის კაცობრიობის საერთო პასუხისმგებლობა“, – განაცხადა  საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა.

კომპანია Georgian Manganese სოფელ შუქრუთის მოსახლეობასთან დათმობაზე მიდის

კრწანისის ტყე-პარკი XX საუკუნის 60-იან წლებში შეიქმნა და  მისი შექმნის მთავარი მიზანი ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება იყო. ბოლო ათწლეულებში პარკის მწვანე საფარი მოუვლელობის გამო მნიშვნელოვნად შემცირდა. დღეს, კრწანისის ტყე-პარკი ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მფარველობაშია, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმოადგენს. ამჟამად, მიმდინარეობს კრწანისის ტყე-პარკის აღდგენა და რეკრეაციულ სივრცის მოწყობა, რომელიც დედაქალაქის მცხოვრებლებს უნიკალურ მწვანე სივრცეს შესთავაზებს.

5 ივნისს გარემოს დაცვის მსოფლიო დღე აღინიშნება, რომელიც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1972 წლის 15 დეკემბერს დააწესა. გარემოს დაცვის დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს ბუნების მიმართ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბების, მდგრადი განვითარების ხელშეწყობას, ასევე, ბუნებრივი გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისადმი მიმართულ აქტივობებში საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობას.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უერთდება გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს და მოუწოდებს მოქალაქეებს, გაუფრთხილდნენ ბუნებას და იზრუნონ ეკოსისტემების აღდგენასა და შენარჩუნებაზე.