ცნობილი გახდა 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი

დეტალური ინფორმაცია გამოცდის თარიღის, გამოცდაზე გამოცხადების დროისა და საგამოცდო ცენტრის მისამართის შესახებ მითითებული იქნება სპეციალურ ბარათზე, რომლის ამობეჭდვასაც გამოსაცდელები საკუთარი სარეგისტრაციო გვერდიდან შეძლებენ.
Sputnik

თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. ერთიანი ეროვნული გამოცდები 2021 წელს 1 ივლისს დაიწყება, ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აბიტურიენტებმა პირველი გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში უნდა ჩააბარონ.

ცენტრის ინფორმაციით, 14 ივლისიდან ეროვნულ გამოცდებში მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველი პირები ჩაერთვებიან.

28 ივლისს კი სტუდენტთა საგრანტო კონკურსი ჩატარდება. რაც შეეხება საერთო სამაგისტრო გამოცდას, მაგისტრანტობის კანდიდატები მის ჩაბარებას 27-30 ივლისს შეძლებენ.

აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე გაიმართა

ეროვნული გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 38.300-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3.700-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა. საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის 12.800-ზე მეტი მაგისტრანტობის კანდიდატი დარეგისტრირდა. ხოლო მასწავლებლის საგნის გამოცდასა და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია 28.700-ზე მეტმა მსურველმა გაიარა. ამ ჩამონათვალში არიან ის აპლიკანტებიც, რომლებიც 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ საგნობრივი ან/და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებაზე.

გამოცდები 2021 წელსაც კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეგულაციის დაცვით ჩატარდება.

აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდა. რეგისტრაციის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ (31 მარტი) აბიტურიენტს უფლება ჰქონდა, შეეცვალა სარეგისტრაციო განცხადებაში საგამოცდო ცენტრის ადგილმდებარეობა (ქალაქი). რეგისტრაციის მეორე ეტაპზე (15 აპრილის 18:00 საათამდე) აბიტურიენტს შესაძლებლობა ჰქონდა შეეცვალა ჩასაბარებელი საგანი (წაეშალა, დაემატებინა), გამოცდის ენა, ან აერჩია კონკურსი (შემოქმედებითი ტური).

2021 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია დასრულდა>>

ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის საფასური (ერთი გამოცდისათვის) 10 ლარია. ამავე თანხას იხდის სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეც. პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის დარეგისტრირება უფასოა, ხოლო მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის და მასწავლებლობის მსურველი პირებისთვის რეგისტრაციის საფასურია 50 ლარი.

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 2005 წლიდან ტარდება.