თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დაგეგმილ მსოფლიოს ჩემპიონატზე გაემგზავრა.
საქართველოს ნაკრები პრესტიჟულ ტურნირზე 14 ძიუდოისტით წარდგება. ჩვენი ქვეყნის სახელით მსოფლიოს პირველობაზე მედლების მოსაპოვებლად ცხრა ვაჟი და ხუთი ქალი იჭიდავებს.
მნიშვნელოვანია, რომ ბუდაპეშტის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანიც გაემგზავრა. 32 წლის ვარლამისთვის მომავალი მსოფლიო პირველობა, შესაძლოა, ერთ-ერთი ბოლო შანსი იყოს ოქროს მედლის მოსაპოვებლად. საქართველოს ნაკრების კაპიტანს აღნიშნულ ტურნირებზე უკვე სამი ვერცხლი და ორი ბრინჯაო აქვს მოპოვებული, ახლა კი საუკეთესოს ტიტულისთვის იბრძოლებს.
აღსანიშნავია, რომ ვარლამ ლიპარტელიანს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ სტატია მიუძღვნა, სადაც კაპიტანი მის წონით კატეგორიაში (100 კგ) ტურნირის ფავორიტად მოიხსენია. სტატიაში ნათქვამია, რომ ვარლამის წინა შედეგებიდან გამომდინარე სრულიად სამართლიანი იქნება, თუ ის ბუდაპეშტში მსოფლიოს პირველობაზე ოქროს მედალს მოიპოვებს.
„ვარლამ ლიპარტელიანი საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების თილისმა და კაპიტანია. წლებია უმაღლეს დონეზე ასპარეზობს და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ძიუდოისტია. მსოფლიოს პირველობაზე ის წონაში პირველი განთესვით გამოვა, რაც მისი გამარჯვების შანსებს კიდევ უფრო ზრდის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ლიპარტელიანის გარდა ბუდაპეშტის მსოფლიო პირველობაზე მედლებისთვის, რა თქმა უნდა, სხვა ქართველი ძიუდოისტებიც იბრძოლებენ, ნაკრების სრული შემადგენლობა კი ასე გამოიყურება:
- ვაჟები: თემურ ნოზაძე (60 კგ), ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ), ლაშა შავდათუაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი (73 კგ), ტატო გრიგალაშვილი, ლუკა მაისურაძე (81 კგ), ბექა ღვინიაშვილი (90 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ), გელა ზაალიშვილი (+100 კგ).
- ქალები: ტატიანა ლევიცკა-შუკვანი, მარიამ ჯანაშვილი (52 კგ), ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ), მარიამ ჭანტურია (70 კგ), სოფიო სომხიშვილი (+78 კგ).
მსოფლიოს ჩემპიონატი ბუდაპეშტში 6-დან 13 ივნისამდე გაიმართება და მასში 131 ქვეყნის 703 ძიუდოისტი მიიღებს მონაწილეობას.