თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. „თბილისი ენერჯის“ საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ მაისში მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის დაანგარიშება მაისში მოქმედი ტარიფით მოხდება, ნათქვამია სემეკის Facebook-გვერდზე.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) გადაწყვეტილებით, 1 ივნისიდან თბილისის მცხოვრებლები ერთ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირში 53,972 თეთრს გადაიხდიან მანამდე არსებული 46,138 თეთრის ნაცვლად. გაზის ახალი ტარიფი 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.
სემეკის ცნობით, უკვე 1 ივნისიდან მოხმარებული ბუნებრივი აირის ღირებულებას კომპანია ახალი ტარიფით დაიანგარიშებს.
„იმ შემთხვევაში, როდესაც მრიცხველის წაკითხვის თარიღი არ მოიცავს ბუნებრივი გაზის მხოლოდ ახალი ტარიფის ამოქმედების პერიოდს, კომპანია ვალდებულია, დარიცხვა განახორციელოს დღეების პროპორციულად, ორ პერიოდად – ახალი ტარიფის ამოქმედებამდე პერიოდი და ამოქმედების შემდეგ პერიოდი“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
- სემეკი მოუწოდებს მოქალაქეებს, ნებისმიერი გაურკვევლობის შემთხვევაში მიმართონ კომისიას ან ენერგოომბუდსმენის სამსახურს ქოლ-ცენტრის ნომერზე – 16 216, ასევე სემეკთან დაკავშირება შესაძლებელია Facebook-ზე კომისიის ოფიციალური გვერდის საშუალებითაც.
2020 წლიდან თბილისის მცხოვრებლები კუბურ მეტრ გაზში 46,138 თეთრს იხდიდნენ. ტარიფი ძალაში 2020 წლის 1 იანვარს შევიდა და 2022 წლის 31 დეკემბრამდე უნდა ემოქმედა.
ფინანსისტები ხელისუფლებას მოუწოდებენ, გამოაქვეყნონ იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფები>>
სემეკის განცხადებით, გაზის ტარიფის კორექტირების გადაწყვეტილება თბილისის უსაფრთხო და საიმედო გაზმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით არის მიღებული.