თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. ქართული ეროვნული ვალუტის გამყარება განპირობებულია რამდენიმე ფაქტორით, ერთ-ერთ მთავარ ფაქტორს წარმოადგენს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა, განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ.
წლის დასაწყისიდან ხანგრძლივი ვარდნის შემდეგ ლარის კურსმა დოლარის მიმართ გამყარება დაიწყო - მაისში ეროვნული ვალუტა 4,2%-ით გამყარდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,2228 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.
„ლარის გამყარება არის რამდენიმე ფაქტორიდან გამომდინარე გამოწვეული, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ვიტყოდი, რომ ეს არის ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების შედეგი, როდესაც მან სწრაფი და მყისიერი გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, მონეტარული საპროცენტო განაკვეთი ერთი პროცენტით ასწია. აქედან გამომდინარე, არის ის რეაქციები, რაც ბაზარს მოჰყვა. ამ პროცესის თანმდევი არის ლარის გამყარებაც, რომელსაც ჩვენ დღეს ვხედავთ. გადადგმული ნაბიჯი, რის შედეგსაც ჩვენ დღეს ვუყურებთ“, – განაცხადა კოვზანაძემ „პირველი არხის“ ეთერში.
ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო კომიტეტმა აპრილის ბოლოს რეფინანსირების განაკვეთი 1 საპროცენტო პუნქტით 9,5%-მდე გაზარდა.
დეპუტატის აზრით, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება გარკვეულწილად დაგვიანდა, მაგრამ ეს არის ნაბიჯი სწორი მიმართულებით, რომლის შედეგი დღეს ვლინდება.
რამდენიმე დღის წინ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ლარის სტაბილიზაცია დაუკავშირა ტურიზმის სექტორის აღდგენისა და ეკონომიკური ზრდის დაჩქარების მიმართულებით არსებულ საკმაოდ პოზიტიურ მოლოდინებს. მასობრივი ვაქცინაცია, კოვიდ-შეზღუდვების მოხსნა და საზღვრების გახსნა ეკონომიკური აქტივობის აღდგენას შეუწყობს ხელს, ამიტომ ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ქართული ვალუტა გამყარებას მომავალშიც განაგრძობს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, აპრილში მშპ–ის ზრდამ 44.8% შეადგინა გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, ხოლო რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა წლის დასაწყისიდან (ოთხ თვეში) 8.1% შეადგინა.
ლარის გაცვლითი კურსის ანტირეკორდი 2020 წლის 27 მარტს დაფიქსირდა, როდესაც ეროვნული ვალუტა 3,4842 GEL/$1 ნიშნულზე ჩამოვიდა.
სავალუტო ბაზრის დასტაბილურებისა და მკვეთრი გაუფასურების თავიდან აცილების მიზნით 2020 წელს ეროვნულმა ბანკმა 26 აუქციონი ჩაატარა, რომლებზეც საერთო ჯამში 873,2 მილიონი დოლარი გაყიდა. წელს მარეგულირებელმა შვიდ აუქციონზე უკვე გაყიდა 242,9 მილიონი დოლარი.