ისტორიაში პირველად: საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა რუმინეთის გუნდი დაამარცხა

ამ დრომდე მეტოქეები შვიდჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და აქედან ექვსჯერ რუმინეთის ნაკრებმა გაიმარჯვა.
Sputnik

თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში რუმინეთი 2:1 დაამარცხა. თამაში ქალაქ პლოეშტიში გაიმართა.

სამივე გოლი მატჩის მეორე ტაიმში გავიდა. 61-ე წუთზე საქართველოს ნაკრები გიორგი მიქაუტაძის გოლით დაწინაურდა, ხოლო 71-ე წუთზე ანგარიში ორამდე გიორგი აბურჯანიამ გაზარდა. პრესტიჟის გოლი მეტოქის მხრიდან 78-ე წუთზე ანდრეი ივანმა გაიტანა.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები FIFA-ს რეიტინგში პოზიციებს ინარჩუნებს

შეხვედრა გუნდებმა არასრული შემადგენლობით დაასრულეს. 42-ე წუთზე წითელი ბარათი რუმინეთის ნაკრების ნახევარმცველმა ფლორინ ტანასემ მიიღო, ხოლო 64-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი – ქართველმა მცველმა საბა კვერკველიამ.

ვილი სანიოლისთვის, რომელიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მიმდინარე წლის დასაწყისში ჩაუდგა სათავეში, ეს მთავარი მწვრთნელის პოსტზე პირველი მოგებაა. უფრო მეტიც – საქართველოს ნაკრებმა რუმინეთის დამარცხება ისტორიაში პირველად შეძლო. აქამდე მეტოქეები შვიდჯერ შეხვდნენ, აქედან ექვსჯერ რუმინეთის ნაკრებმა მოიგო და ერთხელ თამაში ფრედ დამთავრდა.

შემდეგ ტესტ-მატჩს საქართველოს ნაკრები 6 ივნისს ნიდერლანდის ნაკრების წინააღმდეგ ქალაქ ენსხედეში გამართავს.