ირანს გაეროს გენასამბლეაში ხმის უფლება ჩამოერთვა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში არსებობს მუხლი, რომელიც სახელმწიფოსთვის ხმის უფლების ჩამორთმევის ნორმებს განსაზღვრავს.
Sputnik

თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. ირანსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას გაეროს გენერალურ ასამბლეაში ხმის უფლება ჩამოერთვათ ორგანიზაციისთვის გადაუხდელი დავალიანების გამო, ნათქვამია გაეროს გენერალური მდივნის ანტონიუ გუტერეშის წერილში გენასამბლეის თავმჯდომარის ვოლკან ბოზკირისადმი.

„ამ მომენტისთვის [გაეროს] წევრ ხუთ ქვეყანას დავალიანება ერიცხება ორგანიზაციის წესდების მე-19 მუხლის შესაბამისად“, — წერს გუტერეში.

აღნიშნული მუხლის თანახმად, გაეროს წევრს, რომელსაც საწევრო გადასახადის დავალიანება აქვს, ხმის უფლება ერთმევა გენერალურ ასამბლეაში, „თუ მისი დავალიანების ოდენობა უდრის ან აჭარბებს წინა ორი სრული წლის საწევრო გადასახადს“.

ცალმხრივი ჟესტი არ შედგება: აშშ ირანის მილიარდიან აქტივებს არ განბლოკავს

ამასთან გენასამბლეას შეუძლია ქვეყანას კენჭისყრაში მონაწილეობის ნება დართოს, თუ აღიარებს, რომ საწევროს გადახდა სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი გარემოებების გამო დაგვიანდა.

როგორც გუტერეშის წერილიდან ირკვევა, ამ დროისათვის, ირანისა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის გარდა, დავალიანება ერიცხება სან-ტომე და პრინსიპის, კომორის კუნძულებსა და სომალის. მიუხედავად ამისა, გენასამბლეამ გადაწყვიტა, ამ სამ უკანასკნელ ქვეყანას მიმდინარე სესიის ბოლომდე დართოს კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება.   

დავალიანების დაფარვის შემდეგ სახელმწიფო კვლავ მიიღებს ხმის უფლებას. გუტერეშის წერილის თანახმად, იმისათვის, რომ ირანმა ეს უფლება აღიდგინოს, ორგანიზაციის ბიუჯეტში 16 251 298 დოლარი უნდა შეიტანოს, ხოლო ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკამ — 29 395 დოლარი.