დევიდ გარეტი თბილისს კიდევ ერთხელ ეწვევა

ცნობილი გერმანელი მევიოლინე თბილისში საქართველოს კულტურის პალატის ხელმძღვანელმა დავით ოქიტაშვილმა პირადად მოიწვია. ის საქართველოში კონცერტს მეორედ გამართავს.
Sputnik

თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. გერმანელი მუსიკოსი და ცნობილი მევიოლინე დევიდ გარეტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში კონცერტს გამართავს, ინფორმაცია „Sputnik–საქართველოს“ უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში დაუდასტურეს.

დევიდ გარეტი ქართველი მსმენელის წინაშე თბილისში 2022 წლის 22 მაისს წარდგება. გავრცელებული ინფორმაციით, მუსიკოსი საქართველოში ტექნიკური უნივერსიტეტის სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის და საქართველოს კულტურის პალატის ხელმძღვანელმა დავით ოქიტაშვილმა მოიწვია.

როგორც ოქიტაშვილმა აღნიშნა, მას გარეტის პროდიუსერთან დიდი ხანია პირადი კონტაქტი აქვს, ერთ-ერთი საუბრისას კი მუსიკოსს თბილისში კონცერტის ჩატარება შესთავაზა.

„რამდენიმე დღის წინ დამიდასტურეს, რომ გარეტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტს თბილისში მაისის თვეში გამართავს. სასიხარულოა, რომ ისეთი ვირტუოზი, როგორიც დევიდ გარეტია, გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, საქართველოში ჩამოვა“, – განაცხადა ოქიტაშვილმა.

გერმანელი მუსიკოსი საქართველოში პირველად 2019 წელს ჩამოვიდა და თბილისის სპორტის სასახლეში კონცერტი გამართა.

დევიდ გარეტი 38 წლისაა. იგი ამერიკელი პრიმა-ბალერინა დავ გარეტისა და გერმანელი იურისტის ჯორჯ პიტერ ბონგარტცის ოჯახში დაიბადა. მუსიკოსმა ფსევდონიმად დედის გვარი აიღო.

დევიდ გარეტი საქართველოში დედასთან ერთად ჩამოვიდა – ფოტოები აეროპორტიდან

დევიდმა ვიოლინოზე დაკვრა 4 წლიდან დაიწყო, უკვე 3 წლის შემდეგ კი ქალაქ ლიუბეკის კონსერვატორიაში ჩააბარა. ცხრა წლის მევიოლინის დებიუტი Kissinger Sommer-ის ფესტივალზე შედგა, 12 წლისამ კი ბრიტანელ მევიოლინესთან იდა გენდელთან დაიწყო მუშაობა.

11 წლის გარეტმა სტრადივარიუსის პირველი ვიოლინო მიიღო საჩუქრად გერმანიის პრეზიდენტ რიხარდ ფონ ვაიცზეკერისგან პატივისცემის ნიშნად.

13 წლის გარეტმა ექსკლუზიური კონტრაქტი გააფორმა Deutsche Grammophon Gesellschaft-თან და ყველაზე ახალგაზრდა შემსრულებელი აღმოჩნდა მათ შორის, ვისაც მსგავსი კონტრაქტები აქვს გაფორმებული.

2008 წელს გარეტი გინესების წიგნშიც მოხვდა – მან Полет шмеля (რიმსკი–კორსაკოვი, The Flight Of The Bumble Bee, „კელას გაფრენა") 1 წუთსა და 6,52 წამში შეასრულა.

გარეტს ეკუთვნის ისეთი ცნობილი ფილმების ქავერები, როგორიცაა Viva La Vida, Smooth Criminal, Whole Lotta Bond და ა.შ.

დევიდ გარეტმა ასევე მთავარი როლი ითამაშა ფილმში „პაგანინი: ეშმაკის მევიოლინე", რომელიც მსოფლიო კინოგაქირავებაში 2013 წელს გამოვიდა.