თუ თურქეთში მოგზაურობას გადაწყვეტთ – მოთხოვნების სრული სია

ნებისმიერი ვიზიტორი, რომელიც თურქეთის ტერიტორიის საზღვარს გადაკვეთს, შეიძლება შერჩევით PCR-ტესტირებას დაექვემდებაროს.
Sputnik

თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. თბილისში თურქეთის საელჩო საქართველოს მოქალაქეებს თურქეთის ტერიტორიაზე შესვლის წესებს აცნობს.

როგორც დიპლომატიური წარმომადგენლობის განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს ტერიტორიიდან თურქეთში შესვლისას პირს თან უნდა ჰქონდეს:

- თურქეთის რესპუბლიკის საზღვრის კვეთამდე ბოლო 14 დღეში ჩატარებული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;

რა უნდა გაითვალისწინოთ საქართველო-თურქეთის საზღვრის კვეთისას! - საელჩოს განმარტება

- დოკუმენტი იმის შესახებ, რომ პირმა ბოლო ექვს თვეში COVID-19 გადაიტანა.

თუ პირს აღნიშნული დოკუმენტები არ აქვს, მაშინ მან საზღვარზე უნდა წარადგინოს ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR–ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტი ან გამგზავრებამდე 48 საათის განმავლობაში ჩატარებული ექსპრეს-ტესტი.

ამასთან, თურქეთის ტერიტორიაზე შემსვლელი ვიზიტორები, დანიშნულების ადგილიდან გამომდინარე, შესაძლოა დაექვემდებარონ შერჩევით PCR–ტესტირებას.

იმ შემთხვევაში, თუ პასუხი დადებითი იქნება, ინფიცირებულის მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს, მასთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი კი 14-დღიან კარანტინს გაივლის.

საკარანტინო ვადა დასრულდება, თუ ჩასვლიდან მეათე დღეს PCR-ტესტის პასუხი უარყოფითი იქნება. მათთვის, ვისაც დაუფიქსირდება მუტირებული ვირუსი B.1.617, კარანტინის ვადა მე-14 დღეს, ტესტის უარყოფითი პასუხის შემდეგ დასრულდება.

თვითმფრინავის, გემის ეკიპაჟის წევრები, მეზღვაურები და სატვირთოების მძღოლები კარანტინისა და ტესტირებისგან თავისუფალი არიან.