რატომაა საქართველოში COVID-19-ით გარდაცვალების მაღალი მაჩვენებელი: სპეციალისტის განმარტება

ამჟამინდელი მაჩვენებლით, საქართველო ერთ სულ მოსახლეზე სიკვდილიანობის მაჩვენებლით ევროპის მასშტაბით 30-ე ადგილზეა.
Sputnik

თბილისი, 2 ივნისი - Sputnik. საქართველოში კორონავირუსისგან გარდაცვალების მაჩვენებელმა პიკს პანდემიის მესამე ტალღის მესამე-მეოთხე კვირას მიაღწია, აღნიშნა იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.

მისი სიტყვებით, ბოლო ორი დღის განმავლობაში კორონავირუსისგან დღეში 30-31 ადამიანი იღუპება, რაც ძალიან ბევრია საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნისათვის.

არსებობს COVID-19-ის ყველაზე საშიში ოთხი შტამი: ჯანმოს განცხადება

„მეორე ტალღის დროს მაქსიმალური მაჩვენებელი - 53 გარდაცვალება გვქონდა. თუ გადახედავთ დინამიკას, ახლა ინფიცირების მაჩვენებელი შემცირდა, გარდაცვალების მიხედვით გვაქვს მატება. გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ გარდაცვალების მოსალოდნელი მატება ყოველთვის ემთხვევა ინფიცირების პიკს. ჩვენ ინფიცირების პიკი გვქონდა მაისის დასაწყისში, შესაბამისად, გარდაცვალების პიკის მოლოდინი გვქონდა აქედან 3-4 კვირის შემდეგ, რაც რეალურად მოხდა კიდეც. 5 მაისს გვქონდა ინფიცირებულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 2 100 შემთხვევა, 3-4 კვირის შემდეგ კი მივიღეთ გარდაცვალების ასეთი მაღალი მაჩვენებელი", - აღნიშნა ჩხაიძემ.

მისი დაკვირვებით, დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე კორონავირუსის შტამს. მეორე ტალღის დროს საქართველოში წამყვანი შტამი იყო ჩინური, ახლა კი გავრცელებულია ბრიტანული, რომელიც შედარებით მაღალი ლეტალობით ხასიათდება. ამდენად, სიკვდილიანობის ასეთი მაღალი მაჩვენებელი რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობითაა განპირობებული.

კიდევ ერთი ავტორიტეტული ინფექციონისტის, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის აზრით, ჩვეულებრივ სიკვდილიანობის მაჩვენებელი ინფიცირების მაჩვენებლის პარალელურად იზრდება. და ახლა კორონავირუსისგან გარდაცვალების დონით ერთ სულ მოსახლეზე საქართველო ევროპის მასშტაბით 30-ე ადგილზეა.

საქართველოში კორონავირუსის „სამხრეთაფრიკული შტამი“ გამოვლინდა

„ერთი რამ შეიმჩნევა, სხვა ქვეყნებს ჩვენზე მეტი ჰქონდათ სიკვდილობა და იქ დაიწყო კლება ახალმა შემთხვევებმაც და სიკვდილობამაც. საქართველო ამ პროცესს ცოტა ჩამორჩება, ამას აქვს ორი მიზეზი: ერთი ის, რომ ვაქცინაცია სერიოზულად ჩამორჩება... გარდა ამისა, მეორე, მესამე ტალღის პიკი იქ ადრე დაიწყო და მაშინ ჰქონდათ მაღალი სიკვდილობა, ეს იყო თებერვალ-მარტში“, - განაცხადა ცერცვაძემ.

ინფექციონისტის აზრით, ეპიდსიტუაცია შეიცვლება და სიკვდილიანობა შემცირდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვაქცინაციის პროცესი უფრო ინტენსიური გახდება და დღეში აიცრება არა 2-3 ათასი, არამედ 7-8 ათასი ადამიანი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 149.191-მა ადამიანმა გაიკეთა. მათგან 33.718 ორივე დოზითაა აცრილი.

ქვეყანაში ვაქცინაცია მიმდინარეობს AstraZeneca-ს, Pfizer-ის, Sinopharm-ისა და  Sinovac-ის ვაქცინებით.