ეკონომიკის სამინისტრო – „ნამახვანჰესის“ პროექტი ყოველმხრივ შესწავლილია

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ქვეყნის ეკონომიკის სამინისტრომ „ნამახვანჰესის“ კასკადის პროექტზე მუშაობის დეტალური ანგარიში გამოაქვეყნა
Sputnik

თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. „ნამახვანჰესის“ მშენებლობის პროექტი საქართველოში ერთ–ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი პროექტია, აცხადებენ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში და ქვეყნის ენერგოსექტორში ყველაზე რეზონანსულ პროექტზე დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებენ.

Enka მოსახლეობის სრული ინფორმირების მიზნით საინფორმაციო კამპანიას იწყებს>>

როგორც უწყებაში განმარტავენ, ამ განცხადების მიზანია „ნამახვანიჰესის პროექტის ეკონომიკური სარგებლიანობის შესწავლასთან დაკავშირებით გამოთქმული სპეკულაციების გაბათილება“.

სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2007-2019 წლებში „ნამახვანჰესის“ პროექტის ეკონომიკური შეფასების კვლევები ოთხი სხვადასხვა დამოუკიდებელი საკონსულტაციო კომპანიის მიერ განხორციელდა.

აუცილებლად შევთანხმდებით - თურნავა ნამახვანჰესთან დაკავშირებულ კონფლიქტზე საუბრობს

„მათგან სამი კვლევის ძირითად მიზანს წარმოადგენდა ენერგეტიკული სექტორის შეფასება და სამომავლო გეგმების შემუშავება, მათ შორის, სხვადასხვა ეკონომიკურ მეთოდოლოგიებზე დაყრდნობით ახალი გენერაციის ობიექტების აშენების მიზანშეზონილობის დადგენა, ხოლო მეოთხე კვლევა არის პროექტის სოციო-ეკონომიკური სარგებლის შეფასება, რომელიც ნამახვანი ჰესის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის ნაწილია“, – ნათქვამია განცხადებაში.

ეკონომიკის სამინისტრო საზოგადოებას წარმოუდგენს პროექტის განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპების თანამიმდევრულ ჩამონათვალს.

– 2007 წლის დეკემბერში მსოფლიო ბანკის დაფინანსებით „საქართველოს ენერგოსისტემის განვითარების სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება“ განხორციელდა. კვლევა სერბულ-იტალიურმა ჯგუფმა (SEEC) შეასრულა, რომელიც დაგეგმვის 15 წლიან პერიოდს განიხილავდა. ყველა განხილულ ვარიანტში, ნამახვანჰესის პროექტი ითვლება საუკეთესო პროექტად საქართველოს ენერგოსისტემაში მიერთებისათვის.

– 2015 წელს ქართული კომპანია „გამა კონსალტინგის“ მიერ სს „ნამახვანის“ დაკვეთით მომზადებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში მოყვანილი სოციო-ეკონომიკური შეფასების მიხედვით, პროექტის განხორციელების შედეგად მიღებული სარგებელი მნიშვნელოვნად აღემატება იმ ზიანს, რომელიც პროექტის განხორციელებამ შეიძლება მოიტანოს.

იუსტიციის სამინისტრო ნამახვანჰესის მშენებლობის პროექტის შეფასებაზე კონკურსს აცხადებს

– 2018 წლის აგვისტოში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაკვეთით, კომპანია McKinsey & Company -ის მიერ მომზადდა საქართველოს ენერგეტიკული სტრატეგიის დოკუმენტი. მასში დეტალურადაა აღწერილი ელექტროენერგიის მოხმარების პროფილი და ყველა ის ფაქტორი, რომელიც მოქმედებს მოხმარების ზრდაზე. აღნიშნული დოკუმეტის მიხედვით, საშუალო წლიური ზრდა 2030 წლამდე შეადგენს 4,6%-ს და მიაღწევს 21,4 ტერავტ-ს (ცნობისთვის 2020 წელს მოხმარება შეადგენდა 12,4 ტვტ-ს). ამასთანავე, დოკუმენტი მოიცავს მეზობელი ქვეყნების ელექტროენერგიის ბაზრების მიმოხილვას და რაც მთავარია, კვლევაში მოცემულია მოსალოდნელი დეფიციტის აღმოფხვრის გზები, რაც გულისხმობს ახალი ელექტროსადგურების მშენებლობას.

– 2019 წლის იანვარში „ნამახვანჰესის“ პროექტის ანალიზი ასევე წარმოდგენილი იყო საერთაშორისო საკონულტაციო კომპანია Nera-ს მიერ, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის დაკვეთით მომზადებული საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის შეფასების ანგარიშში. ანგარიშის მიხედვით, „ნამახვანჰესი“ არის ერთ-ერთი იმ პროექტთაგანი, რომლის ეკონომიკური და ენერგეტიკული მახასიათებლების ერთობა იძლევა შესაძლებლობას, პროექტი მინიმალური დანახარჯების მეთოდოლოგიის გათვალისწინებით აშენდეს, აღნიშნულ კვლევაში ასევე გაანალიზებულია „ნამახვანჰესის“ აშენების ფისკალური წნეხი. პროექტის სხვა დადებითი ფაქტორების გათვალისწინებით, აღნიშნული წნეხი არ არის მიჩნეული კრიტიკულად და რამდენიმეჯერ ნაკლებია, ვიდრე სხვა მსხვილი, სტრატეგიული პროექტების ფისკალური წნეხი.

ვითარება რიონის ხეობაში – მორიგი დაპირისპირება მხარეებს შორის>>

– დასასრულ, საქართველოს მთავრობის მიერ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან საბოლოო კონტრაქტის გაფორმებას წინ უძღოდა 2.5 წლიანი პროცესი, რომლის დროსაც მიმდინარეობდა შეთანხმების ტექსტზე მუშაობა. კონტრაქტი აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო სტანდარტს, რომელიც არაერთი აუდიტორული კომპანიის მიერაა დადასტურებული.

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა კომპანია ENKA-ს ხეობაში შესასვლელი ყველა გზა ჩაუკეტეს

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა პროტესტი რიონის ხეობაში უკვე შვიდ თვეზე მეტია, რაც გრძელდება. ისინი მოითხოვენ კონტრაქტის გაწყვეტას თურქულ კომპანია ENKA–სთან, ასევე დროებითი მორატორიუმის გამოცხადებას ქვეყნის ენერგოსექტორში ყველა პროექტზე.

მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე საქართველოს მთავრობამ 24 აპრილს „ნამახვანჰესის“ მშენებლობაზე ერთწლიანი მორატორიუმი გამოაცხადა. კაშხლის მშენებლობის პროექტს ხელახლა შეისწავლიან სპეციალისტები. მორატოიუმი ასევე ეხება სხვა სამშენებლო სამუშაოებსაც რიონის ხეობაში.

საქართველოს მთავრობამ „ნამახვანჰესის" პროექტის შემუშავების, მშენებლობის, მფლობელობისა და მისი კასკადის ექსპლუატაციის უფლება 2019 წელს ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group-ს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, მშენებარე კომპანიად თურქული Enka მოიწვია. საინჟინრო ნაგებობა ერთბაშად ორი მუნიციპალიტეტის – ცაგერისა და წყალტუბოს ტერიტორიებს დაიკავებს.