თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. საქართველო მესამე კვარტალში ოთხი სხვადასხვა ვაქცინის 2,33 მილიონ დოზას მიიღებს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, ამ დროისთვის ქვეყანაში ვაქცინების მარაგი დაახლოებით 160 ათასამდე დოზას შეადგენს.
„ივნისის ბოლოს, ივლისის პირველ რიცხვებში ქვეყანა დაახლოებით ნახევარ მილიონ Sinopharm-ს მიიღებს. ასევე მესამე კვარტალში განსაზღვრულია უკვე Pfizer-ის მილიონი დოზის მიღება და ასევე დაახლოებით მესამე კვარტალში COVAX-მაც დაადასტურა 700 ათასი Novavax-ის და დაახლოებით 130 ათასამდე Johnson&Johnson მოწოდება“, - განაცხადა გამყრელიძემ.
მისი თქმით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში უკვე განსაზღვრულია მასობრივი, ინტენსიური აცრები და დღეში დაახლოებით 15-16 ათასი ადამიანი უნდა აიცრას.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 149.191-მა ადამიანმა გაიკეთა. მათგან 33.718 ორივე დოზითაა აცრილი.
ქვეყანაში ვაქცინაცია მიმდინარეობს AstraZeneca-ს, Pfizer-ის, Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინებით.