საქართველოში ჩამოსვლას რუსული ვაქცინით აცრილი მოქალაქეებიც შეძლებენ

კოვიდ-პასპორტის გარდა ნებისმიერ უცხოელ ვიზიტორს თან უნდა ჰქონდეს ვიზიტამდე 72 საათით ადრე ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტი.
Sputnik

თბილისი, 1 ივნისი  – Sputnik. საქართველოში ჩამოსვლას შეძლებენ ნებისმიერი, მათ შორის რუსული წარმოების ვაქცინით აცრილი როგორც რუსეთის, ისე სხვა ქვეყნების მოქალაქეები.

ამისათვის მათ თან უნდა იქონიონ იმუნიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინგლისურ ან ქართულ ენაზე) და საქართველოში ჩამოსვლამდე სულ მცირე 72 საათით ადრე ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ლაშა ხუციშვილი – სახმელეთო საზღვრის გახსნა ხელს შეუწყობს ტურიზმის სწრაფ აღდგენას

თუ რუსეთის მოქალაქე არ არის აცრილი, მან საქართველოში ჩამოსვლამდე უნდა შეავსოს სპეციალური ელექტრონული ანკეტა და მიუთითოს ბოლო 14 დღის მგზავრობის ისტორია, საქართველოში საცხოვრებელი მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია.

გარდა ამისა, ჩამოსვლიდან მესამე დღეს ვიზიტორმა უნდა ჩაიტაროს განმეორებითი PCR-ტესტირება.

ტესტი ვიზიტორის ხარჯით ტარდება და მისი ღირებულება 90-დან 120 ლარამდე მერყეობს. ტესტი ბავშვებსაც მოეთხოვებათ.

უცხოელ მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ სამედიცინო დაზღვევა, რომელიც უკვე საქართველოს ტერიტორიაზე ინფიცირების შემთხვევაში მკურნალობის ხარჯებს დაფარავს.

საქართველომ 2021 წლის 1 თებერვალს რეგულარული საერთაშორისო ავიამიმოსვლა განაახლა, ხოლო 1ივნისიდან სახმელეთო საზღვრები გახსნა. რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლა 1 მარტიდან შეუძლიათ.