„ნუ წაართმევ ბავშვობას“ – საქართველოში ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ კამპანია დაიწყო

შსს-ში მიიჩნევენ, რომ ადრეულ ასაკში ქორწინება ქვეყანაში ჯერ კიდევ რჩება სერიოზულ პრობლემად, რომლის დაძლევა აქტიური საზოგადოებრივი მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია.
Sputnik

თბილისი, 1 ივნისი— Sputnik. „ნუ წაართმევ ბავშვობას“ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ წამოიწყო საინფორმაციო კამპანია, რომელიც არასრულწლოვანთა ქორწინების წინააღმდეგაა მიმართული, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე.

კამპანიის მიზანია ბავშვობის ასაკში ქორწინების ხელშემწყობი დანაშაულების აღმოფხვრა და ამ საკითხზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ასევე, აღნიშნული დანაშაულის შესახებ სამართალდამცველების დროული ინფორმირება.

„მთელი ქვეყნის მასშტაბით მწვავე პრობლემად რჩება ბავშვობის ასაკში ქორწინება, რომელიც განსაკუთრებულად მავნე ზეგავლენას გოგონებსა და ქალებზე ახდენს. შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს აღნიშნული კატეგორიის დანაშაულების დროული გამოვლენა და ეფექტიანი გამოძიება“, - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

„უცებ მანქანა გაჩერდა, პირზე ხელი ამაფარეს და ჩამტენეს“ – შორენა ბეგაშვილის უცნობი ისტორია

მოსახლეობაში სამართლებრივი ცნობიერების ნაკლებობა და აღნიშნული დანაშაულების შესახებ ინფორმაციის სიმცირე კვლავ რჩება ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად, რაც ართულებს დანაშაულის დროულ გამოვლენას და ეფექტიან რეაგირებასა და საჭირო მტკიცებულებების მოპოვებას, აღნიშნავენ სამინისტროში.

საინფორმაციო კამპანია ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება. მის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი ღონისძიება, მათ შორის, შეხვედრები თბილისსა და რეგიონებში, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან. ასევე, მომზადდა ნაადრევი ქორწინების თემაზე სოციალური რეკლამა, რომელიც მასმედიის საშუალებით გავრცელდება. ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე დაიბეჭდა საინფორმაციო ბუკლეტები და პოსტერები, რომლებიც კამპანიის მიმდინარეობისას სკოლის ადმინისტრაციებს მიეწოდებათ.