უპრეცედენტო მაჩვენებელი: საქართველოს ეკონომიკა აპრილში 45%-ით გაიზარდა

მიმდინარე წლის აპრილში ზრდა, სამთომოპოვებითი მრეწველობის გარდა, ეკონომიკის თითქმის ყველა დარგში შეინიშნებოდა.
Sputnik

თბილისი, 31 მაისი - Sputnik. საქართველოს ეკონომიკა აღდგენას განაგრძობს - მშპ-ს ზრდამ გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 44,8% შეადგინა, განაცხადა „საქსტატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე.

აპრილში ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება „საქსტატმა“ ქვეყნის ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ყოველთვიური მონაცემების საფუძველზე მოამზადა.

საქართველო წარმატებით ვაჭრობს: საგარეო ბრუნვა 61%-ით გაიზარდა

თოდრაძის ინფორმაციით, ოთხი თვის განმავლობაში რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 8,1% იყო.

აპრილში ზრდა შეინიშნებოდა გადამამუშავებელი მრეწველობის პრაქტიკულად ყველა დარგში, მშენებლობაში, ვაჭრობაში, ტრანსპორტში, სასტუმროებსა და რესტორნებში, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობაში, უძრავი ქონების სფეროში, პროფესიულ, სამეცნიერო და ტექნიკურ საქმიანობაში.

სამთომოპოვებით დარგში საპირისპირო - ვარდნის ტენდენცია შეინიშნებოდა. ამის მიზეზი ფერადი ლითონების მოპოვებითი სამუშაოების შემცირებაა.

რა და რამდენით გაიზარდა

აპრილში ექსპორტის ზრდამ 70% შეადგინა, ადგილობრივი ექსპორტი 61%-ით გაიზარდა, იმპორტი - 56%-ით. საერთო მაჩვენებლების ზრდაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სპილენძის კონცენტრატის, ფეროშენადნობის, ღვინის, ხილისა და ტანსაცმლის ექსპორტმა მეზობელ ქვეყნებში, ასევე ჩინეთსა და აშშ-ში.

იმპორტის ზრდა, ძირითადად, უკავშირდება ავტომობილებითა და ნავთობპროდუქტებით ვაჭრობას.

წინა თვეში ქვეყანაში დარეგისტრირდა 4871 ახალი საწარმო, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში რეგისტრირებული საწარმოების რიცხვი 300 იყო. გარდა ამისა, აპრილში რეგისტრირებული საწარმოების რაოდენობა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13,2%-ით გაიზარდა.

როგორც „საქსტატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა 93%-ით გაიზარდა და 8,4 მილიარდ ლარს გადააჭარბა.

გადამამუშავებელ მრეწველობაში ზრდა, ძირითადად, უკავშირდებოდა მეტალურგიული წარმოების, ასევე კვების პროდუქტების, სასმელებისა და ტანსაცმლის წარმოების გაფართოებას.

ფულადი გზავნილები: რამდენი გადმოირიცხა საქართველოში

მშენებლობის გააქტიურების შედეგად გაიზარდა სამშენებლო მასალების წარმოებაც. კერძოდ, ცემენტის, ბეტონისა და სამშენებლო კონსტრუქციების წარმოების მოცულობა. სამშენებლო მასალების იმპორტი 84%-ით გაიზარდა, ცემენტის იმპორტი კი 4-ჯერ.

სამშენებლო სექტორში ზრდა უკავშირდება საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ნაგებობების მშენებლობას, ასევე ისეთი ტიპის სამუშაოებს, როგორიცაა წყალმომარაგების, გათბობისა და კონდიცირების სისტემების მონტაჟი და სხვ.

ფინანსური სექტორის ზრდის მიზეზი კვლავ კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლების ზრდაა. 51%-ით მოიმატა ფინანსური და სადაზღვევო კომპანიების სუფთა მოგებამ.

რას ფიქრობს ხელისუფლება

მთავრობაში ეკონომიკის ზრდის ტენდენციას უპრეცედენტო და პოზიტიური უწოდეს.  

„აპრილში ექსპორტი გაიზარდა 70%-ით, ფულადი გზავნილები – 144%-ით და ძალიან პოზიტიურია, რომ ბიუჯეტის შემოსავლების დინამიკა არის ასევე ძალიან დამაჯერებელი და ოპტიმისტური... რა თქმა უნდა, ჩვენ ვთვლით, რომ წელს ეკონომიკა გაცილებით მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპით გაიზრდება, ვიდრე ჩვენს წინა პროგნოზებში გვქონდა ნავარაუდევი“, - განაცხადა ორშაბათს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორ დახვდება ლარი  უცხოელ ტურისტებს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განაცხადებით, 45%-მდე ეკონომიკური ზრდა მეტად მნიშვნელოვანი და დამაიმედებელია.

„ინფრასტრუქტურული განვითარების თვალსაზრისით, ბუნებრივია, ეს ნიშნავს მეტ შესაძლებლობას. ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვანია იმ სუბიექტებისათვის, რომლებიც ჩართული არიან სხვადასხვა პროექტში, ისევე როგორც განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ინვესტორებისთვის. ზოგადად, გაცილებით ჯანსაღი და პერსპექტიულია მომავალი, განსხვავებით წინა პერიოდისგან – ვგულისხმობ 2020 წელს და პანდემიით გამოწვეულ სირთულეებს“, – აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ.

პროგნოზი დამაიმედებელია

საქართველოს ეროვნულ ბანკში ფიქრობენ, რომ 2021 წელს შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე მოსალოდნელია ეკონომიკური აქტივობის თანდათანობით აღდგენა, რისი მთავარი მამოძრავებელი ძალაც ადგილობრივი მოთხოვნა იქნება.

„საგარეო მოთხოვნილება დარჩება მნიშვნელოვნად შემცირებული. რაც შეეხება მიმდინარე ციფრებს, საერთაშორისო მოგზაურებისგან მიღებული შემოსავლები მინიმალურია და იანვარში წლიური 95%-ითაა შემცირებული. მცირე საერთო მოთხოვნილებისა და გაცვლითი კურსის გაუფასურების ფონზე, წინასწარი მონაცემებით, საქონლის იმპორტი თებერვალში 12%-ით შემცირდა, ექსპორტი კი მცირედით გაუმჯობესდა და გაიზარდა 3%-ით“, - აღნიშნავენ ეროვნულ ბანკში.

რამ უწამლა ლარს? ანუ რატომ მყარდება ეროვნული ვალუტა

ეროვნული ბანკის ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ წლის მეორე ნახევარში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესებისა და ტურისტული სექტორის აღორძინების შემთხვევაში, ეკონომიკის ნაწილობრივი აღდგენა 2021 წელს 4% იქნება.

თუ პანდემიის გამო გლობალური შეზღუდვები გაგრძელდება, ეს გავლენას იქონიებს ქვეყნის ეკონომიკაზე და აღდგენის პროცესი შენელდება. შედეგად, თუ საქართველოში ტურიზმი არ აღორძინდება, ეკონომიკური ზრდა 2021 წელს 1% იქნება, ფიქრობენ ეროვნული ბანკის ანალიტიკოსები.