საქართველოში კორონავირუსის „სამხრეთაფრიკული შტამის“ შესაძლო შემთხვევას იკვლევენ

ამირან გამყრელიძის განცხადებით, არ არსებობს არანაირი მინიშნება, რომ „სამხრეთაფრიკული შტამი“ იწვევს უფრო მძიმე დაავადებას ან ხანგრძლივ ავადობას.
Sputnik

თბილისი, 31 მაისი – Sputnik. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი „სამხრეთაფრიკულ შტამზე“ ერთ საეჭვო შემთხვევას იკვლევს, განაცხადა დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში შემოსულ პირებს შესაძლოა დამატებითი რეგულაციების შესრულება დააკისრონ>>

გამყრელიძის განცხადებით, ამჟამად საქართველოში ძირითადად კორონავირუსის „ბრიტანული შტამი" ცირკულირებს. მასთან შედარებით კი „სამხრეთაფრიკული შტამი“ კლინიკურად უფრო მძიმე არ არის, ამასთან, შედარებით ნაკლებად არის გავრცელებული.

„დაავადებათა კონტროლის ცენტრში მიმდინარეობს ამ საეჭვო შემთხვევის გენეტიკური ანალიზი... ალბათ ამ დღეებში გვექნება პასუხი... თუ დადებითი აღმოჩნდა, ვიტყვით, რომ დიახ, „სამხრეთაფრიკული შტამიც“ გვაქვს. რაც შეეხება იმას, არის თუ არა ის კლინიკურად უფრო მძიმე, გეტყვით რომ არა“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

ეპიდემიოლოგები დღეისათვის კორონავირუსის რამდენიმე შტამს არჩევენ. ესენია: „ჩინურ-ევროპული შტამი“, რომელიც პირველად გავრცელდა, შემდეგ მოდის ე.წ. „ბრიტანული შტამი“, „ბრაზილიური“, „სამხრეთაფრიკული“ და „ინდური“ შტამები.

თუ საქართველოში „ინდური შტამი“ გავრცელდა... რას ამბობენ სპეციალისტები

ეპიდემიოლოგების განცხადებით, „სამხრეთაფრიკული შტამი“, ისევე, როგორც „ბრიტანული“, არაა პრინციპულად ახალი მოვლენა, რომელმაც შეიძლება რადიკალურად შეცვალოს კოვიდ-პანდემიის დინამიკა, ან მედიკოსთა ტაქტიკის რადიკალურ ცვლილებას მოითხოვდეს.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 360-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა  343.963-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.