სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორი თანამდებობიდან გადადგა

მალხაზ თორია გუბერნატორის თანამდებობაზე 2021 წლის 9 თებერვალს დაინიშნა. მანამდე ის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი იყო.
Sputnik

თბილისი, 31 მაისი – Sputnik. სამეგრელო–ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია თანამდებობიდან გადადგა, იუწყება „პირველი არხი".

თანამდებობიდან წასვლის მიზეზებსა და სხვა დეტალების შესახებ მალხაზ თორია არ საუბრობს.

მალხაზ თორია წლების განმავლობაში სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა, მათ შორის, იყო ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე, სამეგრელო–ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსის მოადგილე.

ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია თანამდებობიდან გადადგა

გარდა ამისა, იკავებდა შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ დირექტორის მრჩევლის თანამდებობას, იყო სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სამეგრელო–ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს უფროსი.

ჯერჯერობით უცნობია, შეუერთდება თუ არა მალხაზ თორია გიორგი გახარიას ახალდაფუძნებულ პოლიტიკურ მოძრაობას „საქართველოსთვის“. როგორც ცნობილია, გახარიას მხარდაჭერის გამო მიმდინარე თვეში ადგილობრივი ხელისუფლების არაერთმა წარმომადგენელმა დატოვა თანამდებობა.

მათ შორის იყო სამეგრელო–ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსი ლაშა გვასალიაც, რომელმაც განაცხადა, რომ ექს-პრემიერ გიორგი გახარიასთან მეგობრობის გამო თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ამ რეგიონში თანამდებობა დატოვა აგრეთვე და გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდა ზუგდიდის მერის პირველი მოადგილე გიგა ფარულავაც.