როგორ დახვდება ლარი  უცხოელ ტურისტებს

1 ივნისიდან იხსნება საქართველოს სახმელეთო საზღვრები უცხოელი ვიზიტორებისთვის. მთავრობაში ფიქრობენ, რომ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ეს გადაწყვეტილება გაზრდის ტურისტების რაოდენობასაც და ეროვნულ ვალუტასაც სტაბილურს გახდის.
Sputnik

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავას იმედი აქვს, რომ საერთაშორისო ტურისტებისთვის საქართველოს სახმელეთო საზღვრების ეტაპობრივად და ეპიდვითარების კონტროლით გახსნა მყისიერად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, მათ შორის, ლარის კურსის დასტაბილურებაზეც.

ხელისუფლების წარმომადგენლების ოპტიმიზმს არ იზიარებს ეკონომიკის დოქტორი ნიკა შენგელია.  

„საქართველოს სახმელეთო საზღვრების საერთაშორისო მოგზაურებისთვის გახსნა, მართალია, გაზრდის ტურიტების რაოდენობას, მაგრამ ლარის სტაბილურობას მხოლოდ ეს ერთი კომპონენტი ვერ უზრუნველყოფს“, – მიაჩნია ნიკა შენგელიას.

რა ეშველება ემიგრანტების იმედად დარჩენილ ლარს

საქართველოში მეტი ტურისტის შემოსვლა და მათ მიერ ქვეყანაში უცხოური ვალუტის გადახურდავება, რა თქმა უნდა, კარგია და გაზრდის კიდეც მოთხოვნას ლარზე, თუმცა ტურისტების რაოდენობის ზრდის პარალელურად მოიმატებს მოთხოვნა საკვებ პროდუქტებზე და საწვავზე, რაც იმპორტზე დამოკიდებულ ქვეყანაში დოლარზე მოთხოვნის ზრდასაც ნიშნავს.

„მართალია, ბოლო დროს ლარის კურსის გამყარების ტენდენცია შეინიშნება, მაგრამ ეს პროცესი დროებითია და ეს დიდხანს ვერ შენარჩუნდება. ჩვენი პროგნოზით, წლის ბოლომდე არის მაღალი ალბათობა იმისა, რომ კურსი 3,50-3,60 დონეებს დატესტავს“, – თქვა ნიკა შენგელიამ.

ხანგრძლივი ვარდნის შემდეგ მაისში ლარის კურსმა დოლარის მიმართ გამყარება დაიწყო. მაგალითად, თუ 2021 წლის 1 მაისის მდგომარეობით ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის კურსი დოლარის მიმართ 3,4503 GEL/$ ნიშნულზე იყო, 31 მაისისთვის ის უკვე 3,2779 GEL/$1 ნიშნულამდე ჩამოვიდა. როგორც ნიკა შენგელიამ განმარტა, ლარის გაუფასურება ამ ეტაპზე ემიგრანტების მიერ საქართველოში გადმორიცხულმა დოლარის რეკორდულმა რაოდენობამ შეაჩერა. აპრილის თვეში საქართველოში უცხოეთიდან განხორციელებულმა ფულადი გზავნილების მოცულობამ 194,1 მლნ დოლარი შეადგინა.

სად მთავრდება დაღმართი, ანუ ვინ დაიჭერს გაქცეულ ლარს?

ეროვნული ვალუტის კურსზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ასევე რეფინანსირების სესხების მოცულობის კლებამ 2,6 მილიარდი ლარიდან 1,4 მილიარდამდე და ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შემცირებამ.

რაც შეეხება ტურიზმის სფეროს, ნიკა შენგელიას თქმით, სახმელეთო საზღვრის გახსნა, რა თქმა უნდა, გაზრდის  ტურისტების რიცხვს, მაგრამ არა იმ რაოდენობით, რაც პანდემიამდე იყო.

2019 წელს საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვმა 9,3 მილიონს გადააჭარბა, ხოლო მიღებულმა შემოსავლებმა 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა. 2020 წელს კი კორონავირუსის პანდემიის გამო ტურიზმისგან მიღებული შემოსავლები 427,7 ათას დოლარამდე შემცირდა, ხოლო საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა – 1,7 მილიონამდე.

რას მოუტანს პოლიტიკური დესტაბილიზაცია საქართველოს ეკონომიკას

1 ივნისიდან სახმელეთო საზღვარი გაიხსნება და საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით ან ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR–ტესტის უარყოფითი პასუხით. ამ შემთხვევაში პირები, რომლებიც საქართველოში შემოვლენ, ვალდებული იქნებიან მომდევნო 72 საათის განმავლობაში განმეორებით ჩაიტარონ PCR–ტესტი.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ საზღვრები ყველა ქვეყანასთან 2020 წლის 20 მარტიდან ჩაკეტა.