დღეს გადაწყდება შევა თუ არა „ნაცმოძრაობა“ პარლამეტში

ამ დრომდე  „ნაციონალური მოძრაობა“ ერთ-ერთია იმ პარტიებიდან, რომლებიც კომპრომისულ შეთანხმებაზე ხელმოწერასა და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ.
Sputnik

თბილისი, 30 მაისი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით დღეს გახდება ცნობილი, ამის შესახებ „ნაცმოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

შესვლა–არშესვლა: „ნაციონალური მოძრაობა“ კვლევას ატარებს

ამ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, „ნაცმოძრაობას“ 33 მანდატი ეკუთვნის – ყველაზე მეტი პარლამენტში შესულ სხვა ოპოზიციურ პარტიებს შორის.

საკუთრივ ოპოზიციურ პარტიაში პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. „ნაცმოძრაობის“ წევრების ნაწილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის გარეშე პარლამენტში შესვლას ემხრობა. მეორე ნაწილი ამ მოსაზრების წინააღმდეგია, რამდენადაც მიიჩნევს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და პარლამენტი არალეგიტიმურია.

„დღეს ჩვენ ყველა არგუმენტს და პოზიციას კიდევ ერთხელ მოვისმენთ. გავეცნობით იმ კვლევის შედეგებს, რომელიც ჩვენმა პარტიამ დაუკვეთა და რამდენიმე საათში ცნობილი გახდება „ნაციონალური მოძრაობის“ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

შეეხება თუ არა ნიკა მელიას ამნისტია – პოლემიკა გრძელდება

უდუმაშვილის თქმით, საზოგადოებამ მოისმინა პარტიის წარმომადგენლობის პოზიციები, მათ შორის, ვინც პარლამენტში შესვლის მომხრეა და ვინც წინააღმდეგია. დღეს ეს პოზიციები პოლიტსაბჭოზე შეჯერდება.

„ჩემი პოზიციაა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა იყოს პარლამენტში“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

პარტიის კიდევ ერთი წევრი რომან გოცირიძეც მიიჩნევს, რომ შექმნილ ვითარებაში „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა იყოს წარმოდგენილი პარლამენტში.

„პარტია მაშინ არის ძლიერი, როდესაც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე იღებს ადეკვატურ, კარგ გადაწყვეტილებებს. პარტია უნდა იყოს როგორც პარლამენტს შიგნით, ისე მის გარეთ, ასევე უნდა იყოს ძლიერი საერთაშორისო სარბიელზე. ყველა ეს კომპონენტი ავსებს ერთმანეთს და უნდა იყოს ოპოზიციის გამარჯვების საწინდარი“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

საპირისპირო პოზიცია აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნუგზარ წიკლაურს. 

ის ფიქრობს, რომ პარტიამ უნდა შეინარჩუნოს ერთგულება იმ პრინციპების და სიტყვების მიმართ, რომელიც მანამდე ჰქონდა, მაგრამ მეორე მხარის არგუმენტებიც გასათვალისწინებელია.

„მნიშვნელოვანი არგუმენტებია მეორე მხარეს და მათ შორის გამოვყოფდი საერთაშორისო საზოგადოების პრაქტიკულად ერთსულოვან პოზიციას, რომ ამ ეტაპზე „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შევიდეს და ისე გააგრძელოს ბრძოლა. ასე იქნება თუ ისე, ყველა გადაწყვეტილება უნდა მოემსახუროს მთავარ მიზანს, რომ ეფექტურად გამოვიდეს „ნაციონალური მოძრობა“ თვითმმართველობის არჩევნებზე“, -  განაცხადა წიკლაურმა.

„ნაციონალების“ გარეშე პარლამენტში უკეთესი იქნება - კობახიძე სააკაშვილის პარტიის ბოიკოტზე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ამ დრომდე განაგრძობს ბოიკოტს და უარს აცხადებს საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობაზე. „ნაციონალებთან“ ერთად ბოიკოტის რეჟიმში რჩება „ევროპული საქართველო“, რომელიც თავის დროზე სააკაშვილის ყოფილმა თანამოაზრეებმა დააფუძნეს და „ლეიბორისტული პარტია“.

ამ პოლიტიკურმა ძალებმა უარი განაცხადეს პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად შემუშავებული კომპრომისული შეთანხმების ხელმოწერაზე. შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს ხელი მოაწერეს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ცალკეულმა წევრებმა, რომლებიც დამოუკიდებელი დეპუტატების სახით შევიდნენ პარლამენტში.