საქართველოს რაგბის ნაკრები თელავში ნიდერლანდების გუნდს დაუპირისპირდება

საქართველოს ნაკრები მოგების შემთხვევაში ოფიციალურად გახდება ამჟამინდელი გათამაშების ევროპის ჩემპიონი და ჯილდოს ისტორიაში მეცამეტეჯერ მოიპოვებს.
Sputnik

თბილისი, 29 მაისი – Sputnik. ევროპის რაგბის ჩემპიონატის დასკვნით მატჩში საქართველოს ნაკრები 26 ივნისს თელავში ნიდერლანდების გუნდს დაუპირსიპირდება.

ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც პლეი-ოფის მატჩში ნიდერლანდებმა ბელგიას ანგარიშით 23:21 მოუგო და 19-წლიანი პაუზის შემდეგ ევროპულ დივიზიონს დაუბრუნდა.

ახალი სკანდალი ქართულ რაგბში: მსაჯებმა კოლეგის ცემის შემდეგ გაფიცვა გამოაცხადეს

საქართველოს ნაკრები მოგების შემთხვევაში ოფიციალურად გახდება ამჟამინდელი გათამაშების ევროპის ჩემპიონი და ჯილდოს მფლობელი ისტორიაში მეცამეტეჯერ გახდება.

ევროპის ჩემპიონატის ამჟამინდელ გათამაშებაში, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო გაჭიანურდა, საქართველოს ნაკრებმა ოთხივე მატჩი მოიგო, დააგროვა 18 ქულა და სატურნირო ცხრილში ერთპიროვნული ლიდერის პოზიცია დაიკავა. მათემატიკურად „ბორჯღალოსნებს“ შეიძლება გაუსწროს რუსეთმა, რომელმაც ორი მატჩი ჩაატარა და ოთხი ქულა დააგროვა. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ საქართველო ნიდერლანდებთან დამარცხდება, ხოლო რუსეთი დარჩენილ სამ შეხვედრას ბონუს-ქულებით მოიგებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები ოფიციალურ მატჩს თელავში პირველად გამართავს. ის შედგება „კავკასიონი რაგბი არენაზე“, რომელიც 2018 წელს გაიხსნა და 2244 მაყურებელს იტევს.